ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მესამე წრეზე მიდის

საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი ლევან კობიაშვილი ფედერაციას 2015 წლიდან ხელმძღვანელობს.
Sputnik
თბილისი, 16 იანვარი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ერთადერთი კანდიდატია, რომელიც 4 თებერვალს დაგეგმილ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) ხელმძღვანელის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.
14 იანვრამდე სფფ-ის წევრებს არა მხოლოდ პრეზიდენტობის, არამედ აღმასკომის წევრებისა და ყრილობის დელეგატების კანდიდატურები უნდა წარედგინათ.
კობიაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად ფედერაციის 30 სუბიექტიდან 29 მათგანმა წარადგინა.
სფფ-ის პრეზიდენტს ოთხი წლის ვადით ირჩევენ. ფედერაციის ბოლო საარჩევნო ყრილობა 2019 წლის 15 თებერვალს გაიმართა. მაშინ პრეზიდენტის პოსტზე ზედიზედ მეორედ აირჩიეს ლევან კობიაშვილი, რომელიც ასევე პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი იყო.
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი (ნაკრებში 100 მატჩი აქვს ჩატარებული) ფედერაციას 2015 წლიდან ხელმძღვანელობს.