„ნაციონალური მოძრაობის“ დაშლის პროცესი გაღრმავდება - დეპუტატი

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნები 28 იანვრის 10:00 საათზე დაიწყება და 30 იანვრის 10:00 საათზე დასრულდება.
Sputnik
თბილისი, 16 იანვარი – Sputnik. საქართველოში რადიკალიზმის დონე აუცილებლად შემცირდება, მიუხედავად იმისა, როგორი იქნება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა არჩევნების შედეგები, განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა.
არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე „ნაციონალური მოძრაობა“ საბოლოოდ გაიყო ორ ბანაკად – რადიკალურად განწყობილი ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერი „ძველი გვარდიის“ და პარტიის მოქმედი თავმჯდომარის, უფრო ზომიერი პოლიტიკის მიმდევარი ნიკა მელიას მხარდამჭერებად.

„ეს ის ეტაპია, რომლის შემდეგაც ჭაობში მდგარი პარტია გააღრმავებს დაშლის პროცესს. რეალურად პარტიაში არჩევნები რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს, საქართველოში რადიკალიზმის დონე აუცილებლად შემცირდება, რადგან ამ რადიკალური პარტიის მხარდაჭერა მინიმუმამდეა დაყვანილი“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

დეპუტატის თქმით, მას ეჭვი ეპარება იმაში, მიაღწევს თუ არა ეს ძალა პარტიის სახით საპარლამენტო არჩევნებამდე, რომელიც 2024 წელს გაიმართება.
„საკმაოდ მძიმე ვითარებაა „ნაციონალურ მოძრაობაში“, მიმდინარეობს ურთიერთდაპირისპირება და ბრძოლა ძალაუფლებისათვის“, – აღნიშნა მან.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნები 28 იანვრის 10:00 საათზე დაიწყება და 30 იანვრის 10:00 საათზე დასრულდება.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტზე კანდიდატების სახით დარეგისტრირდნენ პარტიის ამჟამინდელი თავმჯდომარე ნიკა მელია, პარტიის აქტიური წევრი, ამჟამად პარლამენტის დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი, პარტიის ყოფილი წევრი, წარსულში პარტიის თბილისის ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნონა მამულაშვილი და არასამთავრობო ორგანიზაციის „მოძრაობა საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი მუმლაძე.
ექსპერტების უმრავლესობა ვარაუდობს, რომ ძირითადი ბრძოლა პარტიაში ნიკა მელიასა და ლევან ხაბეიშვილს შორის გაიმართება. ხაბეიშვილის თქმით, ის მზადაა პარტიაში დარჩეს წაგების შემთხვევაშიც, მელიამ კი განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას იმის შესახებ, დაემორჩილება თუ არა ხაბეიშვილს, არჩევნების შემდეგ მიიღებს.
პარტიის თავმჯდომარის არჩევნები დაინიშნა მას შემდეგ, რაც პარტიული ლიდერების ნაწილი მელიას ღიად დაუპირისპირდა. შემდგომში ბრძოლა მელიას თავშეკავებული პოლიტიკის მომხრე ბანაკსა და „ძველ გვარდიას“ შორის, რომელსაც სათავეში ლევან ხაბეიშვილი უდგას, კიდევ უფრო გამწვავდა.
მთავარ ოპოზიციურ პარტიაში კონფლიქტზე და თავმჯდომარის შესაძლო შეცვლაზე პირველად კულუარებში 2021 წელს, საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების შემდეგ ალაპარაკდნენ. თავად მელია ექს-პრეზიდენტის სურვილის წინააღმდეგ აირჩიეს, რომელსაც ამ პოსტზე თავისი ძველი თანამებრძოლის ლევან ვარშალომიძის ხილვა სურდა. ვარშალომიძე ამჟამად მხარს ხაბეიშვილს უჭერს.
ე.წ. ძველი გვარდია და სააკაშვილის მხარდამჭერები უკმაყოფილო დარჩნენ პარტიის მოქმედებით ყოფილი პრეზიდენტის დაკავების შემდეგ და მასმედიასთან არაერთხელ განაცხადეს, რომ პარტია უფრო აქტიური უნდა ყოფილიყო დამფუძნებლის გათავისუფლების საკითხში.
ამასთან, ნიკა მელია, მართალია, აცხადებდა, რომ სააკაშვილის გათავისუფლება მისთვის პრიორიტეტია, ხშირი კონტაქტი მასთან არ ჰქონია. პარტიას არც პარლამენტი დაუტოვებია და არ გადაუდგამს რადიკალური ნაბიჯები ექს-პრეზიდენტის მოწოდებების მიუხედავად.
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პოზიციები შესამჩნევად დათმო. ბოლო გამოკითხვების მიხედვით, მისი მხარდაჭერა 7%-დან 12%-მდე მერყეობს, 2022 წლის დასაწყისში კი 9-15%-ის დონეზე იყო.
ექსპერტები და პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ბრძოლა „ნაცმოძრაობაში“ ორ ბანაკს შორის უკავშირდება არა პარტიის პოლიტიკას, არამედ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებასა და პარტიული სიების შედგენას.
ლიდერთა რიგითობას პარტიულ სიაში დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან არჩევნები პროპორციული სიით ჩატარდება და პარტიის მიერ მიღებული ხმები განსაზღვრავს, ვინ იქნება დეპუტატი.