„გრიპი კორონავირუსზე უფრო სახიფათო გახდა“ - ივანე ჩხაიძემ ეპიდსიტუაცია შეაფასა

ახლა საქართველოში ძირითადად А ტიპის გრიპის ვირუსია გავრცელებული.
Sputnik
თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. საქართველოში ამჟამად გავრცელებულია ძირითადად გრიპის ვირუსი და კორონავირუსი, განაცხადა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ.
მისი თქმით, ორივე ვირუსი ძალიან გავრცელებულია და მათი აქტიურობა ზამთრის პერიოდში მოსალოდნელიც იყო.

„საქართველოში ახლა რაც ხდება, არაფრით განსხვავდება პანდემიამდე პერიოდის მდგომარეობისგან. განსხვავება არის გარკვეულწილად კორონავირუსის სიჭარბე. რაც შეეხება ინფიცირების პიკს, ნოემბრის შუა რიცხვებში იყო ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გრიპისა და გრიპისმაგვარი დაავადებებით ინფიცირების მხრივ“, – განაცხადა ჩხაიძემ.

როგორც მან აღნიშნა, დეკემბერში და იანვრის დასაწყისში ეს მაჩვენებელი მცირდებოდა, თუმცა რთულია იმის თქმა, რომ ეს შემცირება სტაბილურად გაგრძელდება. მედიკოსები შემთხვევების მატებას იანვარ-თებერვალში კიდევ ელოდებიან.
მედიკოსები ამ დროისათვის ყველაზე სახიფათოდ გრიპის ვირუსს მიიჩნევენ. ახლა საქართველოში ძირითადად ცირკულირებს А ტიპის გრიპის ვირუსი, შემთხვევების ნაწილი გამოწვეულია H1N1 ტიპის ვირუსით, სხვა ნაწილი – H3N2-ით.

„გრიპის ვირუსით მიმდინარეობის სიმძიმე გაცილებით საყურადღებოა, ვიდრე კორონავირუსით გამოწვეული. გრიპს მაღალი ტემპერატურა, ძლიერი სისუსტე, თავისა და კუნთების ტკივილი, ხველა, ფილტვების ანთების განვითარების მაღალი რისკი ახასიათებს“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

ამიტომ ჰოსპიტალიზაციის ძირითადი მაჩვენებელი სწორედ გრიპზე მოდის, აღნიშნა სპეციალისტმა.
ექიმები მშობლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ >>
რაც შეეხება „ომიკრონის“ ახალ სუბვარიანტს - „კრაკენს“, რომელიც მთელ მსოფლიოში დიდი სისწრაფით ვრცელდება, ჩხაიძის თქმით, ის საქართველოში ჯერ არ დაფიქსირებულა. მან განმარტა, რომ „კრაკენი“ სწრაფად ვრცელდება, მაგრამ მას არ ახასიათებს მძიმე მიმდინარეობა. აღნიშნული ვარიანტი მსოფლიოს 38 ქვეყანაში დაფიქსირდა. საქართველოში კვლავაც დომინანტურია „ომიკრონის“ ერთ-ერთი ქვეტიპი – BA.5.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ბოლო კვირის განმავლობაში ახალი შემთხვევების მცირე ზრდა დაფიქსირდა – 200-300 შემთხვევა დღეში. ამასთან ქვეყანაში ყოველდღიურად კორონავირუსზე 6-7 ათასი ტესტი კეთდება.