თბილისი, 16 იანვარი – Sputnik. გელათის მამათა მონასტრის არქიმანდრიტი იოსებ ბურჯანაძე სტუმრებისთვის განკუთვნილ კელიაში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობის დროს დაშავდა, ინფორმაციას ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე ავრცელებს.
მიტროპოლიტის ინფორმაციით, სტუმრებისთვის გამოყოფილ სენაკში ანთებული ბუხრისგან ცეცხლი მოეკიდა ახლომდებარე საწოლის საბანს.
„იმ დროს, როდესაც ბოლოს დარჩენილი სტუმრად მყოფი მამაკაცი სენაკიდან გასული იყო, ცეცხლი მოედო მთელ ოთახს. შემთხვევით, თავისი სენაკიდან გამოსულმა არქიმანდრიტმა იოსებმა დაინახა გაჩენილი ხანძარი. ცეცხლის ჩაქრობის მიზნით მაშინვე შევიდა სტუმრების სენაკში და გამოიტანა ალმოდებული საბანი, რომლისგანაც მის სამოსელსაც გადაედო ცეცხლი“, - განაცხადა მიტროპოლიტმა.
სასწრაფოს მისვლამდე არქიმანდრიტი გადაარჩინეს მონასტერში მყოფმა ბერებმა, რომლებიც მეხანძრეების მისვლამდე ასევე ცდილობდნენ სენაკში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას.
მედიის ინფორმაციით, არქიმანდრიტს სხეულის 50%-იანი დამწვრობა აქვს. ის ქუთაისის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს. მიტროპოლიტ იოანეს ინფორმაციით, ამ დროისთვის მამა იოსები გამოსულია შოკური მდგომარეობიდან და მისი მკურნალობა გრძელდება.
გელათის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი ქუთაისში — საქართველოში შუა საუკუნეების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია, საეკლესიო და კულტურული ცხოვრების ცენტრი, XVI საუკუნის მეორე ნახევრიდან 1814 წლამდე კათოლიკოსის რეზიდენცია, 1994 წლიდან — მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი.
დაარსებულია 1106 წელს დავით აღმაშენებლის მიერ და ის მისი განსასვენებელი გახდა.