თბილისი, 14 იანვარი – Sputnik. საერთაშორისო სავალუტო ფონდი (სსფ) საქართველოში 2023 წელს 4%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს, ნათქვამია ფონდის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალებში.
ამასთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზებით, 2023 წელს ინფლაციის დონე მიზნობრივზე მაღალი იქნება და 6%-ს შეადგენს.
მანამდე მსოფლიო ბანკმა საქართველოს 2023 წლის მშპ-ის ზრდის პროგნოზი ასევე 5,5%-დან 4%-მდე შეამცირა.
ეროვნულ ბანკს 2023 წელს ეკონომიკის ზრდის ანალოგიური პროგნოზი აქვს. ბიუჯეტში ,მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდა 5%-ის დონეზეა ნავარაუდევი.
ეროვნული ბანკის საბაზო სცენარის მიხედვით, 2023 წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდა შენელდება და კოროვირუსის პანდემიის წინა პერიოდის 4%-ის დონეზე იქნება. მარეგულირებლის თქმით, 2022 წლისთვის ნავარაუდევი 10%-იანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ძირითადად განპირობებულია უცხოელი ვიზიტორების ნაკადით და მათი მზარდი ხარჯებით, ასევე დაკრედიტების მაღალი ტემპით.