თბილისი, 14 იანვარი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოში ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი ატრიბუტის სახელმწიფო დროშის დღე ორბელიანების სასახლეში სტუდენტებთან ერთად აღნიშნა, იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
ორბელიანების სასახლეში გამართულ ღონისძიებას მოწვეული სტუდენტების გარდა ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ჰერალდიკის საბჭოს წარმომადგენლები და პრეზიდენტის მრჩევლები
სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, ორბელიანების სასახლის ეზოში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ორკესტრის მიერ შესრულებული სახელმწიფო ჰიმნის თანხლებით, სახელმწიფო დროშა აღიმართა.
„მინდა მოგილოცოთ ეს დღე და გისურვოთ, რომ ეს წელი თქვენთვის, თქვენი ოჯახებისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის წარმატებული და იმ ყველაფრის მომტანი იყოს, რაც ჩვენ, ყველას ამ ქვეყნისთვის გვინდა. დარწმუნებული ვარ, თქვენც, თქვენი მომავლისთვის გინდათ, რომ ეს ქვეყანა ევროპული, წარმატებული და ყველანაირად მდიდარი იყოს, რაც იმის საფუძველი იქნება, რომ თქვენც მონახოთ ამ ქვეყანაში თქვენი მომავალი და არ ეძებოთ ეს მომავალი სადმე სხვაგან“, - მიმართა სალომე ზურაბიშვილმა სტუდენტებს.
საქართველოს სახელმწიფო დროშის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა ასევე ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარემ მამუკა გონგაძემ.
„სახელმწიფო დროშა თავისი სემანტიკით, მნიშვნელობით, აღწერილობით, სრულად ევროპული, დასავლური ცივილიზაციის მატარებელი დროშაა. დღეს ეს გახლავთ ჩვენი სახელმწიფოს განაცხადი, რომ საქართველოს სახელმწიფოს სურს დაბრუნდეს ევროპულ ოჯახში. ის ფაქტიც, რომ ჩვენი სახელმწიფო დროშის გვერდით მუდმივად აღიმართება ევროპის დროშა, ამ განაცხადის ერთ-ერთი დასტურია“, - განაცხადა მამუკა გონგაძემ.
სხვადასხვა ისტორიულ წყაროში ქართული დროშა მე-12 საუკუნიდან ძირითადად თეთრ-წითელ ფერებში არის მოხსენებული. ქართული თეთრი დროშა წითელი ჯვრებით შეტანილია მე-14 საუკუნის „მსოფლიო ატლასში", რომელიც ფრანცისკანელმა ბერმა (მისი სახელი უცნობია) შეადგინა. ასეთივე დროშა იყო გამოსახული იმ წლების იტალიურ და ესპანურ რუკებზე.
წყარო - პრეზიდენტის ადმინისტრაცია.