ახალი პარკები და სკვერები: რა ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება რუსთავში

გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქში ახალი რეკრეაციული და ბავშვთა გასართობი სივრცეები გაჩნდება.
Sputnik
თბილისი, 13 იანვარი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება რუსთავში 8 მლნ ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურულ პროექტებს განახორციელებს.
რუსთავში კლდიაშვილის ქუჩაზე არსებული სკვერის რეაბილიტაციის პროექტი ხორციელდება, რომლის ფარგლებში არაფორმალური განათლების ცენტრი – მედიათეკა შენდება, კეთილმოეწყობა დენდროლოგიური ზონები, საბავშვო და სპორტული მოედნები.
გარდა ამისა, რჩეულიშვილის ქუჩაზე ახალი რეკრეაციული სივრცე გაჩნდება, რომელიც ითვალისწინებს დასვენების მულტიფუნქციური ზონის შექმნას.
რაც შეეხება საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ძველი რუსთავის რეაბილიტაციის ფარგლებში დაგეგმილია შიდა საუბნო ქუჩების კეთილმოწყობა.