იმერეთის გუბერნატორი: ნუ გამოიყენებთ პიროტექნიკას

Sputnik
თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე რეგიონის მოსახლეობას თხოვნით მიმართავს, არ გამოიყენონ პიროტექნიკა ძველით ახალი წლის ღამეს, რადგან ამან შესაძლოა ხანძარი გამოიწვიოს, იუწყება „პირველი არხი“.
საქართველოში რამდენიმე დღეა უამინდობაა. ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში თოვს, დასავლეთში კი ძლიერი ქარია. ცალკეულ რეგიონებში ქარმა და თოვლმა სერიოზული პრობლემები შექმნა: მოგლეჯილი ხეები, ჩახერგილი გზები, ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა. დასავლეთ საქართველოში სტიქიამ ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

„იცით, რომ ქარი ძლიერია, ძალიან ბევრი შენობის სახურავია გადახდილი და არის საშიშროება, წარმოიქმნას ხანძრები. გთხოვთ გავითვალისწინოთ და ნუ მივაყენებთ ზიანს ერთმანეთს“, – განაცხადა შალამბერიძემ.

მისი თქმით, სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად შესაბამისი სამსახურები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. ბოლო მონაცემებით, იმერეთის რეგიონის მასშტაბით დაზიანებულია 600-მდე შენობა. ამ ეტაპზე 150-მდე სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება, პრობლემებია წყლისა და ბუნებრივი აირის მიწოდების კუთხითაც.
სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში მხოლოდ 15 იანვრიდან გამოიდარებს, მანამდე კი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მოსალოდნელია ძლიერი თოვა, დასავლეთში კი ძლიერი ქარი.