ეროვნული ბანკი საფინანსო ორგანიზაციებს ახალ მოთხოვნებს უყენებს

საფინანსო ორგანიზაციებისთვის ახალი მოთხოვნების შესრულება 2023 წლის 1 აპრილიდან იქნება სავალდებულო.
Sputnik
თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. საფინანსო სექტორის მომხმარებლების უფლებებისა და ინტერესების დაცვის მიზნით საფინანსო ორგანიზაციებისთვის გამჭვირვალობის ახალი მოთხოვნები შემუშავდა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში.
უწყების ცნობით, მისი მიზანია კომბინირებული საფინანსო პროდუქტების ფასების გამჭვირვალობა, მომხმარებელთა მიერ მაქსიმალურად ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების ხელშეწყობა და ბაზარზე კონკურენციის წახალისება.
ახალი მოთხოვნები საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებსა და უცხოური ბანკების ფილიალებზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებზე – საკრედიტო კავშირებსა და სესხის გამცემ სუბიექტებზე გავრცელდება.
მარეგულირებლის ცნობით, საფინანსო ორგანიზაციებმა, მომხმარებლებისთვის საფინანსო პროდუქტების კომბინირებულად შეთავაზებისას, ცალკეული საფინანსო პროდუქტის ფასის გამჭვირვალედ მითითება და მომხმარებლების სათანადო ინფორმირება უნდა უზრუნველყონ. კერძოდ, მომხმარებელს უნდა მიეწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია, როგორც კომბინირებული შეთავაზების, ისე ცალკეული საფინანსო პროდუქტის სარეალიზაციო ფასის შესახებ. შესაბამისად, მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ შეადარონ ერთი ან რამდენიმე საფინანსო ორგანიზაციის საფინანსო პროდუქტი, რაც ხელს შეუწყობს მომხმარებლის მიერ ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებას.
„საფინანსო ორგანიზაციებისთვის ფასის მითითება არ არის სავალდებულო ისეთ საფინანსო პროდუქტზე, რომლებსაც ისინი მომხმარებელს სთავაზობენ მხოლოდ სხვა საფინანსო პროდუქტებთან კომბინაციაში და არ წარმოადგენს დამოუკიდებელ საფინანსო პროდუქტს. ასეთ შემთხვევაში საკმარისია, მომხმარებელს მიეწოდოს ინფორმაცია, რომ კონკრეტულ საფინანსო პროდუქტს მომხმარებელი ცალკე ვერ შეიძენს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
საფინანსო ორგანიზაციებისთვის ახალი მოთხოვნების შესრულება 2023 წლის 1 აპრილიდან იქნება სავალდებულო.