საქართველოში 6 კგ-მდე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები შემოიტანეს

დანაშაული ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Sputnik
თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის სამი ფაქტი გამოავლინეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ აზერბაიჯანის მოქალაქეებმა, რომლებიც სატვირთო ავტომანქანებით თურქეთიდან აზერბაიჯანის მიმართულებით სხვადასხვა სახის საქონლის ტრანზიტულად ტრანსპორტირებას ახორციელებდნენ, საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით საბაჟო კონტროლისგან მალულად საქართველოში შემოიტანეს 6 კგ-მდე ოქროს საიუველირო ნაკეთობები, რომელთა საბაჟო ღირებულება 500 ათას ლარს აღემატება.
მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.