თბილისი, 12 იანვარი – Sputnik. კორონავირუსის ახალი სუბვარიანტი „კრაკენი“ (XBB.1.5) უფრო მეტად გადამდებია, ვიდრე ამ ინფექციის წინა შტამები, დაწერა სოციალურ ქსელში თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.
კორონავირუსის ეს ქვეტიპი ჯერ არ გვხვდება საქართველოში და ქვეყანაში კვლავ გაბატონებულია ერთ-ერთი ქვეტიპი – „ომიკრონი“ – BA.5. ცერცვაძის თქმით, „კრაკენი“ შეიძლება ნაკლებად მგრძნობიარე იყოს არა მხოლოდ სტანდარტული ვაქცინის, არამედ ასევე ახალი თაობის ვაქცინის, ე.წ. ბივალენტური ვაქცინის მიმართ.
COVID-19-ის პირველი ვაქცინები და ბუსტერები მიმართული იყო კორონავირუსის საწყისი ტიპის წინააღმდეგ, რომელიც 2019 წლის ბოლოს აღმოაჩინეს. მათ „მონოვალენტურ“ ვაქცინებს უწოდებენ. კორონავირუსის მუტაციასთან ერთად ვირუსოლოგებს ორვალენტური ვაქცინის შემუშავება მოუწიათ, რომელიც მიმართულია როგორც კორონავირუსის საწყის ტიპზე, ისე „ომიკრონის“ ვარიანტებზე. თუმცა მედიკოსები არ გამორიცხავენ, რომ „კრაკენი“ შეიძლება ნაკლებად მგრძნობიარე იყოს გაუმჯობესებული ვაქცინების მიმართაც.
ცერცვაძემ განმარტა, რომ XBB.1.5, ანუ „კრაკენი“ „ომიკრონის“ სუბვარიანტია, ხოლო განახლებული ბუსტერ-ვაქცინები გათვლილი იყო ამ შტამის BA.4 და BA.5 ქვეტიპებზე.
„აუცილებელია კონტროლი“
ცერცვაძე ასევე შეეხო ეპიდვითარებას ჩინეთში. მისი თქმით, ჩინეთი ზუსტი მონაცემების გამოქვეყნებისგან თავს იკავებს, მაგრამ სხვადასხვა სანდო წყარო მიუთითებს, რომ იქ ყოველდღიურად რამდენიმე ათეული მილიონი შემთხვევა და 9 ათასი გარდაცვალება ფიქსირდება.
ცერცვაძე მიზანშეწონილად მიიჩნევს საზღვარზე COVID–კონტროლის გაძლიერებას და ჩინეთიდან ჩამოსული პირებისთვის ტესტის ჩატარებას კორონავირუსზე. მან აღნიშნა, რომ ბოლო დროს მსოფლიოში ეპიდვითარების გაუარესების ტენდეცნიაა კორონავირუსის გავრცელების კუთხით, რაც შეიძლება საშიში იყოს საქართველოსთვისაც.
როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში სხვადასხვა რესპირაციული ვირუსია გავრცელებული, რომელთა სიმპტომები კორონავირუსის სიმპტომებს ჰგავს, მნიშვნელოვანია, რომ ყველა პაციენტმა ჩაიტაროს ტესტი და, დადებითი პასუხის შემთხვევაში, ყველა რეკომენდაცია დაიცვას.
„ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ქვეყანაში დღეს არსებული COVID-სიტუაცია შევინარჩუნოთ და მართვის სადავეები ხელიდან არ გაგვექცეს“, – აღნიშნა ცერცვაძემ.
ბოლო დღეებში მსოფლიოში ფიქსირდება კორონავირუსით როგორც ინფიცირების (დღეში 500 ათასზე მეტი), ისე გარდაცვალების (დღეში 16,6 ათასზე მეტი) მატება.
იაპონიაში მხოლოდ 6 იანვარს კორონავირუსის 245 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა და ამ ვირუსისგან 456 გარდაცვალება დაფიქსირდა, აშშ-ში – 30 ათასზე მეტი შემთხვევა და 220 გარდაცვალების ფაქტი, ისრაელში – 1.386 შემთხვევა და 17 გარდაცვალება და ა.შ.
ცერცვაძემ მიმართა მედიკოსებს და გრიპის ვირუსზე დადებითი შედეგის შემთხვევაში ურჩია, დაუნიშნონ პაციენტებს ანტივირუსული მედიკამენტი ოსელტამივირი (ტამიფლუ), რომელიც გართულებებისგან იცავს ადამიანს.
ცერცვაძემ ასევე აღნიშნა, რომ, მიუხედავად საახალწლო დღეებში გაზრდილი მობილობისა და სოციალური აქტიურობისა, საქართველოში შენარჩუნებულია სტაბილურად კარგი ეპიდვითარება კორონავირუსის გავრცელების მხრივ.
მისი თქმით, კორონავირუსი საქართველოში წარმატებით იმართება, როგორც ერთ-ერთი რიგითი რესპირაციული ინფექცია. ბოლო თვის მონაცემებით, საქართველოში სიკვდილიანობა კორონავირუსისგან მინიმალურ მაჩვენებელზეა. თუმცა ბოლო კვირის განმავლობაში ახალი შემთხვევების მცირე ზრდა დაფიქსირდა, მაგრამ ეს დღეში 200–300 შემთხვევას არ აღემატება.
საქართველოში დღეში საშუალოდ 6–7 ათასი ტესტი კეთდება.
როგორც ცერცვაძემ ასევე აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში საკმაოდაა გავრცელებული სხვადასხვა რესპირაციული დაავადებები, ხოლო კლინიკები გადატვირთულია, ამ სეზონზე გრიპისგან და გრიპის მსგავსი ინფექციებისგან გარდაცვალების არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა.
მთავარმა ინფექციონისტმა მაგალითად მოიყვანა აშშ, სადაც გრიპისგან დაახლოებით 14 ათასი ადამიანი გარდაიცვალა.