ირაკლი ღარიბაშვილი: თბილისი მზადაა შეასრულოს შუამავლის როლი ერევანსა და ბაქოს შორის

მშვიდობის და სტაბილურობის გარეშე შეუძლებელია ძლიერი, გრძელვადიანი ეკონომიკური აღმასვლის და რეგიონის მცხოვრებთა კეთილდღეობის მიღწევა, განაცხადა პრემიერმა.
Sputnik
თბილისი, 12 იანვარი – Sputnik. საქართველო დაინტერესებულია გრძელვადიანი მშვიდობით რეგიონში და მზად არის კვლავაც შეასრულოს შუამავლის როლი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ერევანში.
2021 წლის დეკემბერში ირაკლი ღარიბაშვილი „მშვიდობიანი სამეზობლოს“ ინიციატივით გამოვიდა. მან მეზობელ ქვეყნებს შესთავაზა არაფორმალური დიალოგისთვის რეგიონული პლატფორმის შექმნა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო. 2022 წლის ივლისში თბილისში სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრა გაიმართა.

„ჩვენ გვაქვს ინიციატივა მშვიდობიანი სამეზობლო პლატფორმის ჩამოყალიბების შესახებ და, რა თქმა უნდა, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს ფორმატი არ ჩაანაცვლებს სხვა ფორმატებს და სხვა ინიციატივებს. პირიქით, ვფიქრობ, ეს დაეხმარება, კიდევ უფრო გააძლიერებს შესაძლებლობებს, რომ რეგიონში დამყარდეს გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, მშვიდობისა და სტაბილურობის გარეშე შეუძლებელია ძლიერი, გრძელვადიანი ეკონომიკური აღმასვლის და რეგიონის მცხოვრებთა კეთილდღეობის მიღწევა.
2021 წლის ივნისში საქართველოს შუამავლობით სომხეთის 15 მოქალაქე გათავისუფლდა, სანაცვლოდ სომხეთმა აზერბაიჯანს დანაღმული ტერიტორიების შესახებ მნიშვნელოვანი რუკები გადასცა.