ეპიდემიოლოგი: ნებისმიერი სიმპტომის შემთხვევაში ჩაიტარეთ კოვიდ-ტესტი

ცერცვაძის თქმით, კორონავირუსი, როგორც ერთ-ერთი რიგითი რესპირაციული ინფექცია, კვლავ წარმატებით იმართება.
Sputnik
თბილისი, 12 იანვარი – Sputnik. სურდოსთვის დამახასიათებელი სიმპტომების გამოვლენისთანავე აუცილებელია პირმა კორონავირუსზე ტესტი ჩაიტაროს, დაწერა სოციალურ ქსელში თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.
ეპიდემიოლოგის თქმით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გაიზარდა, თუმცა დღიური მაჩვენებელი 200-300 შემთხვევას არ აღემატება. როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, დღეში საშუალოდ ექვსი-შვიდი ათასამდე კოვიდ-ტესტი ტარდება. დადებითობის მაჩვენებელი 3,5%-ის ფარგლებშია.

„სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ყველა პირმა, ვისაც ექნება ნებისმიერი რესპირაციული ინფექციის კლინიკური გამოვლინებები, პირველივე დღეებში ჩაიტაროს COVID-ზე ტესტი“, – დაწერა ცერცვაძემ და აღნიშნა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ძნელია კორონავირუსის გარჩევა სხვა რესპირაციული ინფექციებისგან.

მისი თქმით, იმ პაციენტებს შორის, რომლებმაც დროულად ჩაიტარეს ტესტირება და ვირუსის გამოვლენის შემთხვევაში დროულად დაიწყეს მკურნალობა ანტივირუსული მედიკამენტებით, კორონავირუსისგან გამოწვეული გართულებებით გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
„კრაკენი" უკვე საქართველოშია: რა არის ცნობილი კორონავირუსის ახალ შტამზე?>>>
მთელ მსოფლიოში იზრდება კორონავირუსის ახალი ქვეტიპით XBV.1.5-ით (ე.წ. კრაკენით) ინფიცირების შემთხვევები, განაცხადა ცერცვაძემ და დასძინა, რომ აღნიშნული ქვეტიპი საქართველოში ჯერ არ დაფიქსირებულა.
ეპიდემიოლოგი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ქვეყნის საზღვარზე გაამკაცროს კონტროლი ჩინეთიდან ჩამოსული პირებისთვის.
გუშინ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ განაცხადა, რომ კორონავირუსის ახალმა შტამმა „კრაკენმა“, რომელიც ინფექციის სხვა სახეობებთან შედარებით ყველაზე მეტად გადამდებია, უკვე საქართველომდე მოაღწია.
ფხაკაძის თქმით, კორონავირუსის ახალი ვარიანტი ჩინეთში ძალებს იკრებს. სპეციალისტების პროგნოზით, ზამთრის ბოლომდე „კრაკენით“ 800 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდება. ჩინეთში დღეში ინფიცირების 10-დან 25 ათასამდე შემთხვევა ვლინდება, განაცხადა ფხაკაძემ.