თბილისი, 11 იანვარი – Sputnik. ძლიერი ქარის გამო იმერეთის რეგიონში ორი ადამიანი დაშავდა, განაცხადა ტელეარხ „იმედის“ ეთერში მხარის გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ.
მისი თქმით, უამინდობამ პრობლემები რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტში შექმნა.
„ქარმა 70-მდე შენობას სახურავი გადახადა, მოთხარა ხეები. დაშავდა ორი ადამიანი, საბედნიეროდ, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – აღნიშნა ზვიად შალამბერიძემ.
გუბერნატორის განცხადებით, დაზიანდა მაღალი ძაბვის ელექტროსადენებიც, რის გამოც რეგიონის ენერგომომარაგების კუთხით პრობლემები შეიქმნა. გარდა ამისა რამდენიმე რაიონში წყალმომარაგება შეწყდა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქუთაისში ქარმა ხეები წააქცია და სახლების სახურავები გადახადა. ქუთაისის მერის იოსებ ხახალეიშვილის თქმით, მერიაში ამუშავდა ცხელი ხაზი: (0431) 24-26-51, 595250309. ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები.