თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა უკვე მესამედ, ხოლო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა მეორედ მიიღეს ACI-ს „აეროპორტების ჯანმრთელობის აკრედიტაციის“ სერტიფიკატი, იუწყება თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია „ტავ ჯორჯია“.
კომპანიის ცნობით, „აეროპორტების ჯანმრთელობის აკრედიტაციის“ სერტიფიკატი აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს (ACI) მიერ აეროპორტში დანერგილი ჯანმრთელობის ზომებისა და პროცედურების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისთვის გაიცემა.
„აეროპორტების ჯანმრთელობის აკრედიტაციის პროგრამა ადასტურებს, რომ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები ACI-სა და ICAO-ს რეკომენდაციებით უზრუნველყოფენ მგზავრებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას“, – აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტს „აეროპორტების ჯანმრთელობის აკრედიტაციის“ სერტიფიკატი პირველად 2020 წლის ბოლოს მიენიჭა.