„კრაკენი" უკვე საქართველოშია: რა არის ცნობილი კორონავირუსის ახალ შტამზე?

ექსპერტის თქმით, „კრაკენის“ სიმპტომები „ომიკრონისთვის“ დამახასიათებელი სიმპტომების მსგავსია.
Sputnik
თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. კორონავირუსის ახალმა შტამმა „კრაკენმა“, რომელიც ინფექციის სხვა სახეობებთან შედარებით ყველაზე მეტად გადამდებია, უკვე საქართველომდე მოაღწია, განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ.
ექსპერტებმა დაადგინეს, რომ COVID-19-ის აღნიშნული ვარიანტი უფრო ვერაგია, ვიდრე სხვა სახეობები.

„თუ „კრაკენით“ ინფიცირებული ერთი ადამიანი შევა ოთახში, იგი ინფექციას გადასდებს ოთახში მყოფ ყველა ადამიანს“, – განაცხადა ფხაკაძემ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

ექსპერტი მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს და ურჩევს, დაუბრუნდნენ ნიღბების ტარებას, მოიმარაგონ სიცხის დამწევი საშუალებები და თავი შეიკავონ თვითმკურნალობისგან.
ფხაკაძის თქმით, კორონავირუსის ახალი ვარიანტი ჩინეთში ძალებს იკრებს. სპეციალისტების პროგნოზით, ზამთრის ბოლომდე „კრაკენით“ 800 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდება. ჩინეთში დღეში ინფიცირების 10-დან 25 ათასამდე შემთხვევა ვლინდება, განაცხადა ფხაკაძემ.
ექსპერტმა შეშფოთება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს სამედიცინო სექტორი არ არის მზად კოროვირუსის ახალი ვარიანტის გავრცელებისთვის და ქვეყანაში არ არსებობს მოდერნიზებული Pfizer-ის და Moderna-ს ვაქცინები, რომლებიც ხელმისაწვდომია ევროპასა და აშშ-ში.
ფხაკაძის თქმით, „კრაკენის“ სიმპტომები „ომიკრონისთვის“ დამახასიათებელი სიმპტომების მსგავსია.