თბილისი, 11 იანვარი – Sputnik. მესტიაში კრიტიკულად გაზრდილი მოხმარების გამო ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემებია, ნათქვამია მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებაში.
მესტიას ელექტროენერგია არ მიეწოდება. ამასთან, ელექტროენერგია გაითიშა იმ დროს, როდესაც ტარდებოდა „გემო-ფესტი“, რომელმაც უამრავი ტურისტი მიიზიდა.
„ბოლო დღეების განმავლობაში ელექტროენერგიის მოხმარება კრიტიკულად არის გაზრდილი და ამოწურულია ყველანაირი რესურსი, რის გამოც სისტემა გათიშულია და ვერ ხერხდება მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდება“, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.
მერიამ მოუწოდა რაიონის მცხოვრებლებს, გათიშონ ტექნიკა, მათ შორის გამათბობლები, მაცივრები და მაინერები, რათა ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა მოხერხდეს.
„ამის შემდეგ საჭიროა თითოეულმა ჩვენგანმა, შესაძლებლობების ფარგლებში, ეკონომიურად მოვახდინოთ ელექტროენერგიის მოხმარება და ჩავრთოთ მხოლოდ ის მოწყობილობები, რაც უკიდურესად მნიშვნელოვანია“, – ნათქვამია განცხადებაში.
რამდენიმე წყაროს ინფორმაციით, 2022 წელს ზემო სვანეთში ელექტროენერგიის მოხმარება წინა წელთან შედარებით 20 მლნ კვტ/სთ-ით გაიზარდა. 2022 წელს მესტიის მუნიციპალიტეტში მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობამ 121,7 მლნ კვტ/სთ შეადგინა.
მესტიაში ელექტრომომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემები დაიწყო 2021 წელს, მიზეზად ხშირად კრიპტოვალუტის მაინერების რაოდენობის ზრდას ასახელებენ.
ადგილობრივებმა მესტიაში არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ითხოვდნენ მაინინგური ფერმების გათიშვას და ელექტროენერგიის ნორმალურ მიწოდებას. მათ ადგილობრივი ხელისუფლება უმოქმედობაში და მაინერების მფარველობაში დაადანაშაულეს. შეფერხებებმა ელექტროენერგიის მიწოდებაში პრობლემები შეუქმნა არა მარტო ადგილობრივ მოსახლეობას, არამედ ამან ტურისტული ნაკადიც შეამცირა.
2022 წლის დასაწყისში მესტიის მუნიციპალიტეტის მოსახლეობამ ხატზე დაიფიცა, რომ რეგიონში მოქმედ კრიპტოვალუტის ყველა მაინერს გათიშავდა. ფიცის დადების რიტუალი მესტიაში, წმინდა გიორგის ტაძარში გაიმართა. მთის ტრადიციის თანახმად, ფიცის გამტეხ პირს ღვთის რისხვა დაატყდება, ამით ის ასევე თავისი წინაპრების სულებს და ხსოვნას შეურაცხყოფს.
ფიცის მიუხედავად, მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის მოხმარება ჯერჯერობით არ შემცირებულა. მაინერების გამო ენერგოგამანაწილებელმა კომპანია Energo-pro Georgia-მ განაცხადა, რომ ელექტროენერგიის ტარიფები გადაიხედება და გაიზრდება.
საქართველოში კრიპტოვალუტის მაინინგი საკმაოდ პოპულარულია ელექტროენერგიაზე დაბალი ტარიფების გამო. სვანეთის რეგიონის მოსახლეობა მაღალმთიანი დასახლების სტატუსით სარგებლობს და მოსახლეობა არ იხდის დენის საფასურს, რაც მაინერებისთვის მიმზიდველი ფაქტორია.