თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. შრომის ინსპექციის სამსახურის მანდატს კიდევ ერთი, ახალი მიმართულება დაემატა – 2023 წლიდან უწყება ექიმებისა და ექთნების მინიმალური ხელფასის საკითხსაც შეისწავლის, ნათქვამია შრომის ისპექციის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დაწესდა ექიმებისა და მედდების მინიმალური საათობრივი ანაზღაურება – ექიმების მინიმალური ანაზღაურება საათში 7 ლარით, ექთნების კი საათში 4,4 ლარით განისაზღვრა.
რეფორმის თანახმად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში სტაციონარული კომპონენტით ჩართული ყველა კლინიკა ვალდებული იქნება ექიმებისა და ექთნების სახელფასო ანაზღაურება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი მინიმალური ზღვრის გათვალისწინებით დაადგინოს.
შრომის ინსპექციის სამსახურს აქვს უფლებამოსილება, განახორციელოს სრული ინსპექტირება სამედიცინო დაწესებულებებში – როგორც შრომის უფლებების აღსრულების, ასევე ექიმებისა და ექთნების მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ.
როგორც შრომის ინსპექციის სამსახურში განმარტეს, კანონმდებლობაში მკაფიოდ არის განსაზღვრული ექიმისა და ექთნის ფუნქცია-მოვალეობები, შესაბამისად, თუ ინსპექტირებისას დადგინდება, რომ მინიმალური ხელფასის ანაზღაურების თავიდან არიდების მიზნით ექიმს ან ექთანს დაკისრებული აქვს რანგით უფრო დაბალი ან სხვა პროფესიის ფუნქციები, შრომის ინსპექციის სამსახურის მხრიდან ეს ფაქტი ჩაითვლება დარღვევად, რაც გამოიწვევს სამედიცინო დაწესებულების დაჯარიმებას, კლინიკას ასევე დაეკისრება ექიმის/ექთნის კუთვნილი ხელფასის სრულად ანაზღაურება.
შრომის ინსპექციის სამსახურს ექნება მკაცრი რეაგირება დამსაქმებლების მხრიდან განხორციელებულ ნებისმიერ არაკეთილსინდისიერ ქმედებაზე და ყველა დასაქმებულის უფლება იქნება დაცული კანონის შესაბამისად.