სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქრო გამოავლინეს

ოქროს საიუველირო ნივთების საერთო საბაჟო ღირებულებამ 33,7 ათასი ლარი შეადგინა.
Sputnik
თბილისი, 10 იანვარი – Sputnik. მებაჟე ოფიცრებმა საბაჟო-გამშვებ პუნქტ „სარფში“ არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოავლინეს, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს ორი მოქალაქის ფიზიკური დათვალიერების შედეგად საერთო ჯამში 376,48 გრამი არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს. ერთ-ერთ პირს ოქროს ნაკეთობები სამგზავრო ავტობუსის სავარძლის ქვეშ ჰქონდა დამალული.
ერთ-ერთ კანონდამრღვევ მოქალაქეს სანქციის სახით ფულადი ჯარიმა 5.244,5 ლარის ოდენობით შეეფარდა, ხოლო მეორე პირთან დაკავშირებული საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.
ოქროს საიუველირო ნივთების საერთო საბაჟო ღირებულებამ 33.628,5 ლარი შეადგინა.