რუსეთმა განმარტა, რატომ გავიდა ანტიკორუფციული კონვენციიდან

Sputnik
თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. რუსეთი ანტიკორუფციული კონვენციიდან ევროპის საბჭოს ქმედებების გამო გამოვიდა, განაცხადა საფრანგეთში რუსეთის საელჩოს ევროსაბჭოს საქმეთა ჯგუფმა.

„ევროპის საბჭოს უკანონო ქმედებების გამო რუსეთი იძულებული გახდა მოეხდინა კორუფციასთან ბრძოლის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ კონვენციის დენონსაცია“, — ნათქვამია მისიის განცხადებაში.

ჯგუფის განმარტებით, რუსეთი არ აპირებს ევროპის საბჭოს ორგანოების მუშაობაში მონაწილეობას, თუ ქვეყნის წარმომადგენელთა უფლებები შეზღუდული იქნება.
გარდა ამისა, მისიის განცხადებით, მოსკოვმა ასევე შეიძლება მოახდინოს სხვა შეთანხმებების დენონსაციაც.
მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სახელმწიფო დუმაში განსახილველად შეიტანა კანონპროექტი, რომელიც ქვეყნის კორუფციისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის კონვენციიდან გასვლას ითვალისწინებდა. როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია ნათქვამი, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა რუსეთს კორუფციასთან ბრძოლის ჯგუფის სრულუფლებიანი წევრობა შეუჩერა, რომელიც კონვენციის დაცვას აკონტროლებს. შესაბამისად, რუსეთმა დაკარგა ხმის უფლება და არ შეუძლია მონაწილეობის მიღება მოხსენებების განხილვაში.