თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. საქართველოში არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების ნუსხა განახლდა, რომელშიც ინფექციურ დაავადება „ბატონებთან“ დაკავშირებული რიტუალი და მცხეთის ღვეზელი შევიდა.
შესაბამისი ბრძანება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ აზნაურაშვილმა 2022 წლის 30 დეკემბერს გამოსცა.
არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა შემდეგ ქართულ ტრადიციებს:
„ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“; „გელათის მეცნიერებათა აკადემიის ტრადიცია“; „რთვლის ტრადიცია საქართველოში“; „მცხეთური ღვეზელის დამზადების ტრადიცია და მისი კულტურული კონტექსტი“; „მესხური სამზარეულო – აპოხტის, წიბოსა და აპოხტის ხინკლის დამზადებისა და გამოყენების ტრადიცია“; „ინფექციურ დაავადება „ბატონებთან“ დაკავშირებული რიტუალური ქმედებები, სიმღერა და წეს-ჩვეულებები საქართველოში“.
საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტო, იუნესკოს 2003 წლის კონვენციის თანახმად, 2008 წლიდან ფუნქციონირებს. სააგენტოს მიზანს ქვეყნის არამატერიალური კულტურის ნიმუშების რეგისტრაცია, შენახვა, კვლევა და პოპულარიზაცია წარმოადგენს.