მსოფლიო დღეს

ჰელგა შმიდი: რუსეთი არ უნდა გაირიცხოს ეუთოდან

Sputnik
თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. ეუთოს გენერალური მდივანი ჰელგა შმიდი ორგანიზაციიდან რუსეთის გარიცხვის წინააღმდეგია. გერმანულ გაზეთ Welt-თან საუბრისას მან განმარტა, რატომ უნდა შეინარჩუნოს რუსეთმა ორგანიზაციის წევრის სტატუსი.
მისი თქმით, ევროპულ სახელმწიფოებს მომავალში კვლავ დასჭირდებათ საკომუნიკაციო არხები კონტინენტზე უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკებებისთვის, რაც სწორედ ეუთოს პლატფორმაზეა შესაძლებელი.

„მიმაჩნია, რომ დღეის თვალსაზრისით, რუსეთი ეუთოს წევრად უნდა დარჩეს. ერთ დღეს ჩვენ კვლავ დაგვჭირდება არხები მოლაპარაკებებისთვის. <...> ეუთო კი ერთადერთი ორგანიზაციაა, სადაც ყველა ის, ვისაც მნიშვნელობა აქვს ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურისთვის, ერთ მაგიდასთან ზის“, — განაცხადა შმიდმა.

ამასთან, მისი თქმით, ერთ მაგიდასთან ჯდომა პოლიტიკოსებს არ ავალდებულებს, „დიპლომატიური თავაზიანობა“ გამოიჩინონ ერთმანეთის მიმართ.
მანამდე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ ეუთო თვითგანადგურების ეტაპზეა. მისი აზრით, ორგანიზაცია გარდაუვლად დაიღუპება, თუ რუსეთი მის წევრობას შეინარჩუნებს.