დმიტრი ბავირინი
წარმომადგენელთა პალატის ახალი სპიკერის კევინ მაკარტის დანიშვნამ, რუსი ამერიკანისტების აზრით, შეიძლება დადებითად იმოქმედოს მოსკოვზე იმ გაგებით, რომ ვაშინგტონი ნაკლებად დაეხმარება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს.
წარმომადგენელთა პალატას გადამწყვეტი ხმა აქვს ბიუჯეტის საკითხებში, მაკარტიმ კი პირობა დადო, რომ საბიუჯეტო ხარჯს შეამცირებს 130 მილიარდი დოლარით, მათ შორის, თავდაცვის მიმართულებით – 75 მილიარდით. პენტაგონის პროექტების შეკვეცას რესპუბლიკელები არ გარისკავენ, უკრაინის შეიარაღებული ძალების დახმარება კი შემცირების მთავარი კანდიდატია.
ეს დასტურდება მაკარტის არჩევის გარემოებებითა და კომპრომისებით, რომლებიც თითქოსდა ამ არჩევის უკან დგას. სპიკერად იგი აირჩიეს მხოლოდ მე-15 მცდელობის შემდეგ. ასეთი რამ აშშ-ში ნახევარი საუკუნეა არ მომხდარა.
მიზეზი – ოციოდე დეპუტატის შიდაპარტიული ბუნტი, რომლებსაც რუსულ მედიაში ხშირად უწოდებენ „რადიკალურ კონსერვატორებსა“ და „ტრამპისტებს“.
ამბოხის საკვანძო პირები არიან ენდი ბიგსი არიზონიდან, მეტ გაეცი ფლორიდიდან და ლორენ ბობერტი კოლორადოდან. ბიგსი სათავეში უდგას დეპუტატების კონსერვატიულ ალიანსს. მაგრამ კონსერვატიულობა უნივერსალური იდეოლოგია არ არის, ის ეფუძნება ტრადიციებსა და წარსულს, რომელიც ყველა ქვეყანას განსხვავებული აქვს. ანუ ეს ადამიანები კონსერვატიულები არიან იმ გაგებით, რომ იშველიებენ დამფუძნებელი მამების ლიბერტარიანულ სულისკვეთებას, ხოლო ეკონომიკაზე უფრო ლიბერალური შეხედულებები აქვთ, ვიდრე ეგორ გაიდარს ჰქონდა.
მაკარტი მათ ზომიერ რესპუბლიკელ ცენტრისტად მიაჩნიათ, რომელიც მოლაპარაკებებს გამართავს დემოკრატებთან, სამშობლოს ჩააბარებს ლიბერალურ ჰიდრას, გაძარცვავს და გაანიავებს ამერიკას.
ეს ეჭვიანი კონგრესმენები მართლაც უჭერდნენ მხარს დონალდ ტრამპს, მაგრამ თავად ტრამპი მაკარტის არჩევის მომხრე იყო და წარუმატებლად ცდილობდა გაეცისა და ბობერტის დაყოლიებას, ხმა არ მიეცათ სხვა კანდიდატებისთვის. ამბოხებულების ტაქტიკა იყო ხმის მიცემა ნებისმიერი კანდიდატისთვის საკუთარი რიგებიდან, რათა „ელიტის კანდიდატს“ ხმათა საჭირო რაოდენობა ვერ მოეგროვებინა.
მათი დაყოლიება ტრამპმა ვერ მოახერხა, რაზეც მათ თავად განაცხადეს. ამ დეპუტატების დაკავშირება საჭიროა არა ყოფილ პრეზიდენტთან, არამედ სავარაუდო მომავალ პრეზიდენტთან – ფლორიდის გუბერნატორ რონ დესანტისთან (შესაძლოა, ტრამპის პირდაპირი კონკურენტიც იყოს). ექსცენტრიკულმა მილიარდერმა ამ ისტორიაში სტატისტის როლი შეასრულა: ეს ბრძოლა მას არ დაუწყია, ვერც მისი დასრულება შეძლო.
სამაგიეროდ შეძლო მაკარტიმ – დაუზუსტებელი კომპრომისების გზით. სავარაუდოდ, სპიკერი დათანხმდა თავისი გაწვევის პროცედურის გამარტივებას და გაეცს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას დაჰპირდა.
თუ ეს სიმართლეა, დანიშვნას დიდი ხმაური მოჰყვება. ლიბერალები უკვე შეუდგნენ გაეცისა და ბობერტის დემონიზაციას. მაგალითად, სულ ცოტა ხნის წინ მათ აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ კონგრესში უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის გამოსვლისას, მისი მოსმენის ნაცვლად, სმარტფონებს ჩაჰკირკიტებდნენ.
მაგრამ ზელენსკი ამ შემთხვევაში მხოლოდ გარემოებაა, ისევე, როგორც ტრამპი. გაეცთან და ბობერთან ბრძოლისას ლიბერალები ებრძვიან დესანტისს, რადგან ფლორიდის გუბერნატორზე არავითარი სერიოზული კომპრომატი, მცდელობის მიუხედავად, არ მოიძებნა.
ხუთივეს ერთად (მათ შორის, ტრამპსაც და დესანტისაც) არაერთხელ გაუკრიტიკებია უკრაინისთვის ხარჯის გაწევა. განსაკუთრებით ხშირად – გაეცს. პროფილური კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ასეთი ადამიანი ზელენსკის ალბათ მეტად შეუფერებლად მოეჩვენება.
მაგრამ ცუდი ამბავი კიევისთვის ავტომატურად არ ნიშნავს კარგ ამბავს მოსკოვისთვის. ამერიკასთან რუსეთის კონფლიქტის განვითარება დამოკიდებულია არა ბატალიებზე კონგრესში, არამედ რუსული იარაღის წარმატებაზე სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში.
რუსეთთან დაპირისპირება და უკრაინის მხარდაჭერა აშშ-ში ორპარტიული პოლიტიკაა. იქ შექმნილ სისტემას ოციოდე დეპუტატი ვერ დაუპირისპირდება. ამ სისტემამ თავად ტრამპი მოინელა. ფლორიდელ კონგრესმენსაც რამეს მოუხერხებს, თუ საჭირო გახდება.
რესპუბლიკელების ინტერესს ის კი არ წარმოადგენს, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ჟანგბადის მიწოდება შეუწყვიტოს. ისინი დაინტერესებული არიან, აჩვენონ დემოკრატების მხრიდან კიევის მხარდაჭერის არაეფექტურობა და მფლანგველობა და გამოჩხრიკონ კომპრომატი ბაიდენზე, მის ვაჟსა და ახლობლებზე.
სხვა სიტყვებით, ლენდ-ლიზს დაუნიშნავენ აუდიტორს, მაგრამ ფაქტი არ არის, რომ აუდიტის შემდეგ ლენდ-ლიზის ეფექტურობა შემცირდება. როგორც წესი, ეს პირიქით მუშაობს, ამისთვისაც არიან საჭირო აუდიტორები, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ისეთ მღვრიე ტერიტორიას, როგორიც უკრაინაა.
თუმცა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის 50 მილიარდი დოლარის ოდენობის პაკეტი 2023 წლის საბიუჯეტო წლისთვის უკვე დამტკიცებულია, 2024 წლამდე კი სპეცოპერაციის ზონაში ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს.
რუსეთს კვლავაც ორი მოკავშირე ჰყავს, მაგრამ არ გააჩნია მაკარტის იმედად ყოფნის არცერთი მიზეზი. მას ესმის ასევე უკრაინის კონფლიქტზე ამერიკული ფსონის სიდიდე, ხედავს სარგებელს რუსეთთან ევროპის ეკონომიკური ომისგან და არ სურს იყოს კაპიტულანტი.
ეს ყველაფერი არც იმას ნიშნავს, რომ მაკარტის არჩევა მოსკოვისთვის არაფრის მიმცემია. კონგრესისთვის ეს მაინც ექსტრაორდინარული მოვლენაა, როდესაც სპიკერს მხოლოდ მე-15 მცდელობის შედეგად ირჩევენ.
უილიამ პედინგტონი, რომელიც 1860 წელს წარმომადგენელთა პალატის სპიკერად 44-ე მცდელობის შედეგად აირჩიეს, ასევე არ იყო პრინციპული პიროვნება: არაფრით გამოირჩეოდა, არც არაფერი შეუცვლია.
მაგრამ იყო მშვიდობიანი ეპოქის ბოლო სპიკერი. სამოქალაქო ომი მისი მემკვიდრის დროს დაიწყო.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე