მსოფლიო ბანკი საქართველოს წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტისთვის 75 მლნ დოლარს გამოუყოფს

მთავრობამ თანხის გამოყოფის თაობაზე მსოფლიო ბანკთან შეთანხმებას მიაღწია - ფინანსები სამი მიმართულებით გამოიყოფა
Sputnik
თბილისი, 9 იანვარი - Sputnik. მსოფლიო ბანკი საქართველოს დამატებით 75 მლნ დოლარს გამოუყოფს შავის ზღვის ფსკერის დეტალური კვლევისთვის საქართველოსა და ევროპას შორის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტის ფარგლებში, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებმა 17 დეკემბერს ხელი მოაწერეს შეთანხმებას „მწვანე ენერგეტიკისა და ტრანსპორტის განვითარების სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანას შავი ზღვის ფსკერზე.
„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ფინანსთა სამინისტრო შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის განხორციელების მიზნით 75 მლნ აშშ დოლარის დაფინანსების მოზიდვასთან დაკავშირებით მსოფლიო ბანკს მიმართავს“, - აღნიშნა ხუციშვილმა.
მისი თქმით, უწყებას უკვე ჰქონდა წინასწარი მოლაპარაკება თანხის ოდენობაზეც და დაფინანსება სამი მიმართულებით გამოიყოფა.
„ეს არის შავი ზღვის ფსკერის გეოფიზიკური და გეოტექნიკური შესწავლა, რომელიც დაახლოებით დაჯდება 20 მლნ აშშ დოლარის ოდენობით და დაიხარჯება საქართველოს მიერ. ასევე გამოიყოფა სახმელეთო გადამცემი ხაზის გაძლიერებისთვის, რომელიც უკვე საქართველოს ტერიტორიაზე უშუალოდ გულისხმობს შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას, გადამცემი ხაზების გაძლიერებას“, - აღნიშნა მინისტრმა.
გამოიყოფა ასევე 5 მილიონი ევრო იურიდიულ და ფინანსურ საკითხებზე კონსულტაციებისთვის.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია ქვეყნისთვის... შავი ზღვის წყალქვეშა კაბელზე საქართველოს უკვე დაწყებული აქვს ინვესტირება“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.
მინისტრის თქმით, საქართველომ 2.5 მილიონი ევრო უკვე დახარჯა ე.წ. ფიზიბილითი სტადიაზე (Feasibility study), რომელიც მიმდინარე წელს უნდა დასრულდეს.
ხუციშვილის თქმით, პროექტის რეალიზაციის მომდევნო ეტაპებზე ჩაერთვებიან საერთაშორისო პარტნიორები.
შეთანხმების ფარგლებში, ელექტროკაბელმა უნდა დააკავშიროს საქართველო და აზერბაიჯანი რუმინეთთან. ევროკავშირი პროექტისთვის 2,3 მილიარდ ევროს გამოყოფს. კაბელი ხელს შეუწყობს აზერბაიჯანსა და საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის გაყიდვას ევროპაში.
თუ პროექტი განხორციელდება, ათასი მეგავატი სიმძლავრის 1195 კმ-იანი კაბელი საქართველოს აღმოსავლეთ ბალკანეთთან დააკავშირებს, რაც სამხრეთ კავკასიას და ევროპას საშუალებას მისცემს, ისარგებლონ ფართო საექსპორტო შესაძლებლობებით და განახორციელონ ელექტროენერგიის იმპორტი ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით.