იანვრის ბაშოზე ტოჩინოშინი ჰირადოუმისთან დამარცხდა

ტურნირის მესამე დღეს ქართველის მეტოქე მე-12 მაეგაშირა ოკინოუმი იქნება.
Sputnik
თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა ტოკიოში თავისი საიუბილეო, მე-100 ბაშოს მეორე დღეს მარცხი განიცადა.
ჰაცუ ბაშო 2023 წლის პირველი ტურნირია, რომელიც 8 იანვარს დაიწყო და 22 იანვარს დასრულდება. ტოჩინოშინს, რომელიც ახლა მე-11 მაეგაშირას წოდებით ასპარეზობს, აქვს შანსი დაასრულოს ტურნირი დადებითი ბალანსით და სუმოისტების რეიტინგში პოზიციები გაიუმჯობესოს.
ქართველმა სპორტსმენმა მეორე ორთაბრძოლა დასავლეთის მეათე მაეგაშირა ჰირადოუმის წინააღმდეგ ჩაატარა და უვატენაგეს ილეთით დამარცხდა. გორგაძემ თავიდან აქტიურად შეუტია, ილეთის გაკეთებასაც შეეცადა, მაგრამ მეტოქემ თავი კარგად დაიცვა და საბოლოოდ გაიმარჯვა კიდეც.
ორი დღის შემდეგ ტოჩინოშინს მისთვის საიუბილეო ბაშოზე თითო მოგება–წაგება აქვს.
შეჯიბრების მესამე დღეს ქართველის მეტოქე მე-12 მაეგაშირა ოკინოუმი იქნება.