თბილისი, 8 იანვარი – Sputnik. საქართველოს ნაკრების და იტალიის „ნაპოლის“ ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია მადრიდის „რეალის“ ინტერესთა სფეროში მოექცა - კლუბი მზადაა 80 მლნ ევრო გადაიხადოს.
„კვარაცხელიათი კარლო ანჩელოტის გუნდი იმდენადაა დაინტერესებული, რომ სურს საკმარისად სოლიდური შეთავაზება გააკეთოს, რათა კვარა მომავალ სეზონში „სანტიაგო ბერნაბეუს“ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვარსკვლავი გახდეს, „ნაპოლი“ კი მზადაა 80 მილიონ ევროს სანაცვლოდ თავისი საუკეთესო ფეხბურთელი გაუშვას“, - წერს ესპანური გამოცემა Fichajes.
ავტორი ქართველ ფეხბურთელს ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე დიდ სენსაციას უწოდებს.
„ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელმა შესანიშნავი თამაში აჩვენა, რის შედეგადაც სულ რაღაც 21 წლის ასაკში ის ლუჩიანო სპალეტის „ნაპოლის“ ერთ-ერთი ლიდერი გახდა. კვარაცხელიამ რამდენიმე მნიშვნელოვანი ევროპული გუნდის ინტერესი გამოიწვია, მათ შორისაა მადრიდის „რეალი“, - წერს Fichajes.
თუმცა სხვა გამოცემის, Defensa Central-ის ვერსიით, მადრიდის „რეალმა“ გადაწყვიტა, კვარაცხელიაზე დაკვირვება შეწყვიტოს, რადგან „რეალში“ სხვა პოზიციებიაა გასაძლიერებელი.
„გადაჭარბებული არ არის იმის თქმა, რომ კვარაცხელიას შეუძლია, გახდეს თავისი თაობის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, თუ გააგრძელებს ისე თამაშს, როგორიც „ნაპოლიში“ გადასვლის შემდეგ შეძლო. ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ მარცხენა ფლანგზე „რეალში“ თამაშობს ვინისიუს ჟუნიორი. ამრიგად, კვარაცხელიასთვის დიდი ფულის გადახდას აზრი იმიტომ არ აქვს, რომ მადრიდელთა შემადგენლობაში გასაძლიერებელი სხვა პოზიციებია“.
ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ 2022 წლის ივნისში გადავიდა. ნახევარმცველის მიმდინარე კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი.
შემოდგომაზე მედიასაშუალებები აქტიურად წერდნენ იმის შესახებ, რომ კვარაცხელიათი დაინტერესებულია ლონდონის „ჩელსი“ და „პსჟ“ (Paris Saint-Germain F.C.).