თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად აღდგენილია, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
გზის ამ მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თოვისა და ქარბუქის გამო გუშინ საღამოს აიკრძალა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალი იყო.
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზა დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო მაგისტრალია, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს, ხოლო საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“–„ზემო ლარსი“ – ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია საქართველო–რუსეთის სახმელეთო საზღვარზე.