7 იანვარს მართლმადიდებელი სამყარო ზეიმობს უფალი იესო ქრისტეს შობას – ერთ-ერთ უმთავრეს ქრისტიანულ დღესასწაულს.
წლიურ საშობაო ეპისტოლეში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე შეეხო ბევრ საკითხს. ყველაზე მთავარი კი სინდისია, რაც ადამიანის სულის ერთ-ერთი მთავარი გამოვლინებაა. ცოდვისგან ადამიანის გული, გონება და სული თავისუფლდება ლოცვით, მარხვით, მღვიძარებითა და განსაცდელებით; ამიტომაც ადამიანს არ უნდა შეეშინდეს პრობლემების, ბრძანა პატრიარქმა.
„...იშვება ქრისტე, ირღვევა სიბნელის საკვრელნი, „ჩრდილნი უკუმსვლელობენ და ჭეშმარიტება შემოდის სინათლის დასამკვიდრებლად“.
როგორ შეხვდებით მას? გვექნება მონდომება და მზაობა იმისა, რომ ჩვენც ქრისტესთან ერთად თანავიშვათ, რათა თანაჯვარსვეცვათ, თანადავიფლათ, თანააღვდგეთ და მასთან ერთად ვიყოთ მარადიულად?
ეს ურთულესი კითხვაა და მასზე სწორი პასუხის გაცემა ჩვენი ცხოვრების აზრის გაცნობიერების გარეშე შეუძლებელია.
ფაქტია, ჩვენი მუდმივი ადგილი ამქვეყნად არ არის. ჩვენ ამ ყოფისთვის არა ვართ გაჩენილნი; უხრწნელად შევიქმენით და ამ მდგომარეობასავე უნდა დავუბრუნდეთ. ეს აუცილებლად მოხდება ჩვენი ამ ქვეყნიდან გასვლით, ოღონდ ჩვენი თავისუფალი ნებისა და ღვთის ნების თანხვედრაზეა დამოკიდებული, როგორი იქნება შემდგომი ჩვენი ხვედრი.
ფაქტია, ჩვენი მუდმივი ადგილი ამქვეყნად არ არის. ჩვენ ამ ყოფისთვის არა ვართ გაჩენილნი; უხრწნელად შევიქმენით და ამ მდგომარეობასავე უნდა დავუბრუნდეთ. ეს აუცილებლად მოხდება ჩვენი ამ ქვეყნიდან გასვლით, ოღონდ ჩვენი თავისუფალი ნებისა და ღვთის ნების თანხვედრაზეა დამოკიდებული, როგორი იქნება შემდგომი ჩვენი ხვედრი.
სული, გული, გონება, სინდისი
ჩვენი ნება ხორციელდება ჩვენი სულით, გულით, გონებითა და სიტყვით, ამიტომაც მათზე ზრუნვა განსაკუთრებულად გვმართებს.
ჩვენი სულის ერთ-ერთი მთავარი გამოვლინებაა სინდისი.
სინდისი ღვთის ხმაა. მას ვერ დაიმორჩილებ, შენი სურვილისამებრ ვერ განაწყობ, ბოლომდე ვერც აღმოფხვრი; პირიქით, თავის მყოფობას მაშინაც გვაგრძნობინებს, როდესაც ვცდილობთ, გავექცეთ, თუმცა ისეც ხდება, რომ მუდმივი უგულებელყოფით მისი ხმა სუსტდება და აღარ გვესმის. არსებობს მდგომარეობაც, რასაც „დამწვარი სინდისი“ ჰქვია და ადამიანის უმძიმეს სულიერ ცხოვრებაზე მეტყველებს.
ქრისტიანული რწმენა და მცნებები ჩვენში სინდისის ხმის სიძლიერისა და მართებულობის ყველაზე უტყუარი განმსაზღვრელია და ჩვენი სულის სწორად განვითარების შესაძლებლობაა, რადგან სინდისი ჩვენს ნებას ღვთის ნებასთან აკავშირებს.
„ვერავინ ვერ დადებს სხვა საძირკველს, გარდა უკვე დადებულისა, რომელიც არის იესო ქრისტე. ხოლო თუ ვინ რას აშენებს ამ საძირკველზე – ოქროს, ვერცხლს, ძვირფას ქვებს, შეშას, თივას, ჩალას, – თითოეულის საქმე გამომჟღავნდება … ცეცხლით გამჟღავნდება და ცეცხლითვე გამოიცდება, ვინ რას აკეთებს (1 კორ. 3, 11-13).
გული ცენტრია ჩვენი სიცოცხლისა, ჩვენი ცხოვრებისა; ღვთის შიში, გრძნობათა მთელი სამყარო და უფალთან ერთობის სურვილი მასში მყოფობს.
გონება კი გვეხმარება შევიცნოთ გარესამყარო და დავძლიოთ ჩვენი დაცემული ბუნება.
ცოდვისგან ადამიანის გული, გონება და სული თავისუფლდება ლოცვით, მარხვით, მღვიძარებითა და განსაცდელებით; ამიტომაც არ უნდა შეგვეშინდეს პრობლემების. სიბრძნეც გვასწავლის: „კეთილდღეობა შეიძლება უბედურებაზე საშიში იყოს და უბედურება – კეთილდღეობაზე მეტად მაცხონებელი.“
თუ სწორად ვცხოვრობთ, ღმერთი აუცილებლად დაგვეხმარება, მისი შეწევნა კი შეიძლება მოვიდეს იქ და მაშინ, რასაც ვერასდროს წარმოვიდგენდით.
არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ხარ
ადამიანი განსაკუთრებული არსებაა, რომელიც შექმნილია ღვთის ხატად და მსგავსად; საიდუმლოებით მოიცავს როგორც მაკრო, ისე მიკრო სამყაროს და შესაქმის გვირგვინად და მეფედ არის დადგენილი.
მიუხედავად იმისა, რომ ცოდვით დაცემის შემდეგ ადამმა და მისმა შთამომავლობამ, საღვთო ღირსებებთან ერთად, უკეთურ ძალთა თვისებებიც შეიძინა და ბოროტის გავლენის ქვეშ მოექცა, შემოქმედმა მაინც არ მიგვატოვა.
...თუ თქვენ ცხოვრობთ ქრისტიანულად სადიდებლად ღვთისა და მსახურებად მოყვასისა, არა აქვს მნიშვნელობა, მეცნიერი ხარ, პოლიტიკოსი, ექიმი, მშენებელი, გლეხი, სპორტსმენი, პედაგოგი, მძღოლი, ჯარისკაცი თუ სხვა, შენი საქმიანობა ღვთისმსახურებად შეგერაცხება და ეს იქნება შენი ოქრო, გუნდრუკი და მური უფლისთვის მირთმეული და გაიხარებ ორსავ სოფელსა შინა.
განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სამართლიანობისა და ერთიანობისათვის ჩვენს ზრუნვას, რადგან გეოპოლიტიკურად რთული ადგილი გვიკავია და მრავალი გამოწვევის წინაშე ვდგავართ. „ურთიერთას სიმძიმე იტვირთეთ და ესრე აღასრულეთ რჯული იგი ქრისტესი“ (გალატ.6,2), – მოგვიწოდებს წმინდა წერილი.
დალოცვა
ყველას და, პირველ რიგში, უკრაინის ომის მძიმე შედეგებით დათრგუნულ და დაზარალებულ ბავშვებს, საერთოდ, ნებისმიერ მოზარდს, მინდა, მივულოცო ქრისტესშობის დიდებული ზეიმი; მივულოცო იგი ყველა ტვირთმძიმესა და მაშვრალს, რადგან ეს დღესასწაული აღმატებულია ნებისმიერ განსაცდელზე, ჰმეტობს თითოეული ჩვენგანის ტკივილს და იმედით გვავსებს.
ჩემო სულიერო შვილებო, საქართველოს მკვიდრნო და უცხოეთში მყოფნო თანამემამულენო, სულიერად წარვემართოთ ბეთლემისაკენ, რათა მწყემსებთან ერთად ვადიდოთ ყრმა იესო, მოგვებთან ერთად შევწიროთ ძღვენი – ოქრო, გუნდრუკი და მური და ანგელოზებთან ერთად ვუგალობოთ: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება.“
ღმერთმა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა დალოცოს საქართველო!