საეკლესიო კალენდარი: 7 იანვარი - შობა და საშობაო ტრადიციები საქართველოში

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 7 იანვარს აღნიშნავს ხორციელად შობას უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ქრისტეს შობა თორმეტ საუფლო დღესასწაულთაგან უდიდესია.
Sputnik
მაცხოვრის შობა
უფალი ჩვენი იესო ქრისტე ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამისაგან იშვა იუდეის ბეთლემში იმპერატორ ავგუსტუს ოქტავიანეს დროს. იმ ხანებში გამოვიდა ბრძანება, აღეწერათ რომის მთელი იმპერიის მოსახლეობა, რომლის ერთ პროვინციასაც პალესტინა წარმოადგენდა. ებრაელებს ჩვეულებად ჰქონდათ, საყოველთაო აღწერები ტომებისა და გვარების მიხედვით ჩაეტარებინათ.
თითოეულ ტომსა და გვარს თავისი ქალაქები და მამამთავართა სახელებთან დაკავშირებული ადგილები ჰქონდა. რადგან მარიამი და იოსები დავით მეფის შთამომავლები იყვნენ, აღწერისთვის დავითის ქალაქში - იუდეის ბეთლემში ჩავიდნენ. ბეთლემში ჩასული მარიამისა და იოსებისთვის არც ერთ სასტუმროში არ აღმოჩნდა თავისუფალი ადგილი და ისინი იძულებულნი გახდნენ, ქალაქის განაპირას მდებარე ერთ გამოქვაბულს შეჰფარებოდნენ, რომელიც უამინდობისას პირუტყვთა სადგომს წარმოადგენდა.
ამ გამოქვაბულში, პირუტყვთა საკვებად და საფენად მიმობნეულ თივასა და ჩალაში, ზამთრის ცივ ღამეში იშვა მაცხოვარი სოფლისა. უმტკივნეულოდ ნაშობი ჩვილი ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა თავად გაახვია სახვევებში და ბაგაში მიაწვინა.
იმ მხარეში იყვნენ მწყემსები მინდვრად და ღამით დარაჯობდნენ თავიანთ სამწყსოს. და აჰა, უფლის ანგელოზი წარმოადგა მათ, უფლის დიდება გამოუბრწყინდათ და შეშინდნენ დიდი შიშით. უთხრა მათ ანგელოზმა.
მწყემსებმა გულითა და ჭეშმარიტი სარწმუნოებით თაყვანი სცეს ახალშობილ ჩვილს. მათ შემდეგ ახლად გაბრწყინებული უჩვეულო ვარსკვლავის წინამძღოლობით „მოგუნი აღმოსავალით მოვიდეს იერუსალიმად. თაყუანისცემად მისა“ და, როცა იხილეს ყრმა მაცხოვარი, „დავარდეს და თაყუანის-სცეს მას; და აღაღეს საუნჯეთა მათთა, და შეწირეს მისა ძღუენი: ოქრო, გუნდრუკი და მური“ ოქრო - როგორც მეფეს, გუნდრუკი - როგორც ღმერთს და მური - როგორც ადამიანს.
დღესასწაულის ისტორია
ეს უმნიშვნელოვანესი ქრისტიანული დღესასწაული წმიდა ეკლესიამ პირველსავე საუკუნეში დააწესა
377 წლამდე საქრისტიანოს აღმოსავლეთ ნაწილში შობა იდღესასწაულებოდა 6 იანვარს, ნათლისღებასთან ერთად, სწორედ ისე როგორც ის დარჩა შეერთებული სომხეთის სამოციქულო ეკლესიაში.
იოანე ოქროპირის ინიციატივით შობის დღესასწაული გამოყოფილ იქნა და გადატანილ იქნა 25 დეკემბერს. რადგან იმ დროინდელ სწავლულთა (გრიგოლ ნოსელისა, აგვისტინე იპპონელისა და სხვ.) გამოკვლევით, ქრისტეს შობა მოხდა ზამთრის მზის მოქცევის დღეს — 25 დეკემბერს, სწორედ იმ დღეს, როდესაც მზე და დედამიწა იწყებენ ერთმანეთთან დაახლოებას.
საშობაო ტრადიციები
ქრისტეს შობის დღესასწაულს საქართველოში აღნიშნავდნენ, როგორც მნიშვნელოვან მოვლენას, რომელსაც მარხვის, როგორც სულიერი განწმენდის დასრულებითა და ახალი ცხოვრების დასაწყისად წარმოსახავდნენ და მას სიხარულით უნდა შეგებებოდნენ.
ამ დღესასწაულს საწესჩვეულებო რიტუალი ახლდა თან. ფაქტობრივად, სამზადისი იწყებოდა შობის წინა დღეს.
24 დეკემბერს სამეგრელოში ქირსე საღამოს (ქრისტე საღამოს) უწოდებდნენ; გურიაში - მრავალწლობას; იმერეთში - კორკოტობას; რაჭაში - კორკოტობას ან ჭანტილობას; ლეჩხუმსა და სვანეთში - ჭანტილობას; ზემო სვანეთში - შობ-ს; ქართლში - ქრისტეს კორკოტობას და ა.შ. ეს საღამო დიდ უქმედ ითვლებოდა, განსაკუთრებით ქალებისთვის; არ შეიძლებოდა კერვა, ქსოვა და სხვა ხელსაქმე.
ამ დღეს მთელ საქართველოში ხორბლისგან იხარშებოდა ფაფა, რომელსაც ეწოდებოდა: ჭანტილი (სვანეთი, რაჭა-ლეჩხუმი); კორკოტი (იმერეთი, გურია, სამეგრელო); ქრისტეს კორკოტი (ქართლი, თუშეთი); ცხრაწვენა (ქართლი, კახეთი) და სხვ.
ჭანტილის ანუ კორკოტის მოსამზადებლად ქალებს მზის ამოსვლამდე უნდა გაერჩიათ ხორბალი და ჩაედგათ მოსახარშად. იგი იკაზმებოდა ხახვით, მარილითა და ნიგვზით.
გურიაში შობისთვის მზადების მთავარი რიტუალი ღვეზლის (საწესო პურის) გამოცხობა იყო. ნახევარმთვარის ფორმის ღვეზელი ცხვებოდა ხორბლის ფქვილისგან, ურთავდნენ ყველსა და გამომშრალ, შებოლილ კვერცხებს, რომლებიც მთელ-მთელი ან შუაზე გაჭრილი იდებოდა.
ღვეზელი ცხვებოდა იმდენი, რამდენი წევრიც იყო ოჯახში, უფროსებისთვის უფრო დიდი ზომის, პატარებისთვის მომცრო. ღვეზლის გამოცხობა მიცვალებულისთვისაც იცოდნენ.
ჩვეულებრივ, შობის წინა საღამოს (ზემო სვანეთში), იკვლებოდა საშობაო ღორი. ღორის დაკვლის შემდეგ მოდიოდნენ მეალილოეები, მგალობლები, ქრისტეს მახარობლები - სამი-ოთხი მამაკაცის ან ქალისგან შემდგარი ჯგუფი, რომლებიც კარდაკარ დადიოდნენ და ოჯახებს შობას ულოცავდნენ.
როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში, ოჯახის უფროსი ქალი ან მამაკაცი მეალილოეებს გამოუტანდა ფულს, კვერცხს, ღვინოს, მათთვის გამომცხვარ ღვეზელს (ამ უკანასკნელს იმერეთში საციქველი ეწოდება); სამეგრელოში ასე ამბობდნენ, - ალილოზე კაცი რომ მოვა და გიმღერებს, ეს იგივეა, რომ დიდი ძღვენი მიუტანო ოჯახსო.
როგორც სამეგრელოსა და სვანეთში, აღმოსავლეთ საქართველოშიც, ქართლსა და კახეთში იკვლებოდა ღორი, რომელსაც ნოემბრიდან ასუქებდნენ. ამ დღეს საუკეთესო ხორბლის ფქვილისგან ცხვებოდა ქადა, რომელსაც იმდენ ნაწილად ყოფდნენ, რამდენი ოჯახის წევრიც იყო, ანთებდნენ სანთლებს.
საშობაო სუფრაზე უნდა ყოფილიყო: პური, ყველი, ქათამი, ინდაური, საკლავის ხორცი, თხილ-კაკალი, ღვინო და ყველაფერი, რის საშუალებაც ოჯახს ჰქონდა. სუფრასთან რომ დასხდებოდნენ, ოჯახის უფროსი დაილოცებოდა: “ღმერთო, მშვიდობის ზაფხული მოგვეცი, ბარაქიანი წელიწადი მოგვეცი! ღმერთო, უშველე ჩვენს შვილებს, შვილიშვილებს!”
აღმოსავლეთ საქართველოს მთაში ძირითადი საწესჩვეულებო რიტუალები ხატში სრულდებოდა. მზადდებოდა მთის ყოფაში დამკვიდრებული კერძები და სასმელი, ხინკალი, შეთქმული საკლავის ხორცი, ფაფა, მოხარშული ბრინჯი და სხვ.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით