ქუთაისი-პარიზის რეისზე მგზავრი გარდაიცვალა

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი მამაკაცი საქართველოს მოქალაქეა.
Sputnik
თბილისი, 7 იანვარი - Sputnik. ქუთაისი-პარიზის რეისზე 60 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
გავრცელებული ინფორმაციით, მგზავრი აფრენის შემდეგ გახდა ცუდად, რის გამოც ავიაკომპანია Wizz Air-მა თვითმფრინავის უკან დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა, მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
„თვითმფრინავი ქუთაისის თავზე დაფრინავდა, რათა საწვავი გაეხარჯა, რადგან სავსე ავზით თვითმფრინავის დასმა სარისკოა. მგზავრის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ის საქართველოს მოქალაქე იყო“, – განაცხადეს ავიაკომპანიაში.
მგზავრები ამ დრომდე აეროპორტში რჩებიან. გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისი-პარიზის რეისი ამ საღამოსვე შესრულდება.