ცემა და დაჭრა: დაკავებულია დაცვის პოლიციის ორი თანამშრომელი

Sputnik
თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ქუთაისსა და კახეთში შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა, რომლებსაც სასამართლომ უკვე შეუფარდა პატიმრობა აღკვეთის ღონისძიების სახით.
სამსახურის ცნობით, დანაშაულში მხილებულია დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი–გურიის სამმართველოს თანამშრომელი ვ.ფ., რომელმაც 2022 წლის 26 დეკემბერს ერთი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მეორე, ასევე არასრულწლოვან შვილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და იარაღის გამოყენებით მეუღლესა და შვილს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
დაზარალებულმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა, რის შემდეგაც სამსახურმა უმოკლეს დროში ჩაატარა ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები და დააკავა ვ.ფ.
პროკურატურამ მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126′ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და 11′, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის წარუდგინა ბრალდება, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გარდა ამისა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა 2023 წლის 3 იანვარს დააკავეს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის უმცროსი ინსპექტორი გ.შ.
არსებული ცნობით, გ.შ. 2023 წლის 2 იანვარს სტუმრად იმყოფებოდა სოფელ ჭიაურში (ლაგოდეხის რაიონი) მცხოვრებ ერთ-ერთ ოჯახში, სადაც სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა ასევე სტუმრად მყოფ რ.ტ.-თან. დაპირისპირებისას გ.შ.-მ დანით მძიმედ დაჭრა რ.ტ. მუცლის არეში.
საქართველოს პროკურატურამ გ.შ.-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის წარუდგინა ბრალდება. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.