მსოფლიო დღეს

ზელენსკი: პუტინი საშობაო ზავს უკრაინის არმიის შესაჩერებლად იყენებს

Sputnik
თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი „საშობაო ზავს“ უკრაინის არმიის წინსვლის შესაჩერებლად იყენებს, აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეომიმართვაში.

„ახლა მათ სურთ გამოიყენონ შობა საფარის სახით, რათა თუნდაც მცირე ხნით შეაჩერონ ჩვენი ბიჭების წინსვლა დონბასში და ჩვენს პოზიციებთან ახლოს მოიყვანონ ტექნიკა, საბრძოლო მასალები და მობილიზებულები. რას მისცემს ეს მათ? მხოლოდ დანაკარგების მორიგ ზრდას. მთელმა მსოფლიომ იცის, როგორ იყენებს კრემლი ომში შესვენებებს ბრძოლის ახალი ძალებით გაგრძელებისთვის“, — ნათქვამია ზელენსკის მიმართვაში.

მანამდე სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა მხარეებს საშობაო ზავისკენ მოუწოდა 6 იანვრის 12:00 საათიდან 7 იანვრის 24:00 საათამდე. ამის შემდეგ პუტინმა თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შემოღება დაავალა. შესაბამისი ბრძანება ჯარებს უკვე მიეცათ.
როგორც უკრაინის თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა განაცხადა, უკრაინა რუსეთთან არანაირი მოლაპარაკებების წარმოებას არ აპირებს ე.წ. საშობაო ზავის თაობაზე.