თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. მექსიკის პოლიციამ და სამხედრო ქვედანაყოფებმა ქალაქ კულიაკანში ცნობილი ნარკობარონის, ელ ჩაპოს ვაჟი ოვიდიო გუზმან ლოპესი დააკავეს, რასაც ქუჩებში არეულობა, სროლები და მსხვერპლი მოჰყვა, იუწყება BBC.
ქვეყნის თავდაცვის მინისტრის ლუის კრესენსიო სანდოვალის თქმით, ლოპესზე ექვსი თვის განმავლობაში ფარული თვალთვალი მიმდინარეობდა.
მინისტრის განმარტებით, გუზმან-ლოპესს ბრალი მამამისის მიერ დაარსებული ნარკოკარტელის Sinaloa-ს ფილიალის ხელმძღვანელობაში ედება. ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ორგანიზაცია, რომელიც ნარკოტიკების წარმოებით, კონტრაბანდითა და ვაჭრობითაა დაკავებული.
სანდოვალის ცნობით, ნარკობარონის დაჭერის ოპერაცია აშშ-ის ხელისუფლების მხარდაჭერით ჩატარდა. ახლა დამნაშავე ქვეყნის დედაქალაქ მეხიკოში საიმედო ადგილზე იმყოფება.
მას შემდეგ, რაც ნარკობარონის დაკავების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, ქალაქში არეულობა დაიწყო — ისმოდა სროლის ხმა, დაიწვა ტრანსპორტი, გაიტაცეს დაახლოებით 250 ავტომობილი, დაიჭრნენ და დაიღუპნენ ადამიანები.
რეგიონულმა ხელისუფლებამ სკოლებსა და უნივერსიტეტებში სწავლა შეაჩერა, ხოლო მოსახლეობას შინ დარჩენისკენ მოუწოდა.
როგორც რეგიონის გუბერნატორი რუბენ როჩა მოია იუწყება, შეტაკებებში დაიღუპა 10 ადამიანი, დაიჭრა 30-მდე, მათ შორის, პოლიციელები და სამხედროებიც.
ცნობილი ხდება ისიც, რომ ნარკობარონის დაცვის დაჯავშნულ ავტომობილებზე დამონტაჟებული მსხვილკალიბრიანი იარაღიდან დაიცხრილა ორი ვერტმფრენი და ერთი თვითმფრინავი.
აღსანიშნავია, რომ ოვიდიო გუზმან ლოპესი მეხიკოში კანადის, აშშ-ის და მექსიკის ლიდერების შეხვედრის წინ დააკავეს, რომელიც 10 იანვარსაა დაგეგმილი.