თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. ქვეყნის მასშტაბით 31 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით პერიოდში ჰოსპიტლებში პიროტექნიკით დაშავებული 22 ადამიანი შეიყვანეს, იუწყება „პირველი არხი“.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ცნობით, ახალი წლის დღეებში სასწრაფო სამედიცინო დახმარება პიროტექნიკით დაშავებულმა 37-მა მოქალაქემ ითხოვა, მათგან 22-ის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.
მანამდე თბილისის დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განაცხადა, რომ დეკემბერში პიროტექნიკით სხეულის დაზიანების 30 შემთხვევა დაფიქსირდა.
პეტარდები და სხვა პიროტექნიკა საქართველოში ახალი წლის ზეიმის აღნიშვნის განუყოფელი ნაწილია, მაგრამ მისი გამოყენება ხშირად იწვევს ტრავმებსა და დამწვრობას. ახალი წლის დღეებში მიმართვიანობა სამედიცინო დაწესებულებებში იზრდება.
რამდენიმე დღის წინ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ პიროტექნიკასთან დაკავშირებით გარკვეული გადაწყვეტილებები მომავალ წელს იქნება მიღებული. მან არ გამორიცხა, რომ საერთოდ აიკრძალოს პიროტექნიკის გამოყენება, რადგან ბევრი შემთხვევებია ტრავმის მიღების, განსაკუთრებით, ბავშვებში.
საქართველოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ, თავის მხრივ, არაერთხელ მოუწოდა მოსახლეობას სიფრთხილისკენ და ურჩია, არ გამოიყენონ პიროტექნიკა ხალხმრავალ ადგილებსა და დახურულ სივრცეებში.
საქართველოში პიროტექნიკის გაყიდვა არასრულწლოვნებისთვის 2019 წლიდან აიკრძალა.
წელს საქართველომ 712 ტონა ფეიერვერკი, „ბენგალური ცეცხლი“, რაკეტა და სხვა პიროტექნიკული ნაკეთობა შეისყიდა, რომელიც 5,5 მლნ დოლარი დაჯდა. ეს წლების განმავლობაში რეკორდული თანხაა.