თბილისი, 4 იანვარი — Sputnik. სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ საფრანგეთში ლევილის მამულის, კერძოდ, შატოს სხვენთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა, აცხადებს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.
მანამდე ერთ-ერთი ტელევიზიით გავრცელდა ვახტანგ ბარამიშვილის ვიდეო, რომელიც ლევილის მამულში მდებარე შატოს სხვენშია გადაღეული, და რომელზეც მტვრიანი და წყლით დაზიანებული დოკუმენტები, წიგნები, ჟურნალები და სხვა მასალებია აღბეჭდილი. ამასთან დოკუმენტაციის ნაწილი თაროებზე ალაგია, ხოლო ნაწილი — იატაკზე ყრია.
„სინამდვილეში, სამინისტროს თანამშრომლებმა დაასრულეს მამულის სხვადასხვა სივრცეში ინვენტარიზაციის პროცესი და დაიწყეს შატოს სხვენში არსებული საარქივო მასალების – რომლებიც ათეული წლებია იქ ინახებოდა შატოს ყოფილი მფლობელების მიერ – ეტაპობრივი დახარისხება მათი სამომავლოდ ბიბლიოთეკაში განთავსების მიზნით. სხვენში ამჟამად დარჩენილია ქართული პერიოდული გამოცემების ნაწილი, რომელთაგან თითოეულის სამ-სამი ეგზემპლარი უკვე გადატანილია მამულის ბიბლიოთეკაში“, — ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
უწყება იქვე აზუსტებს, რომ სამინისტრომ უკვე შეაკეთა წლების განმავლობაში წყლით დაზიანებული სხვენის სახურავი, და ეს შატოს რეაბილიტაციამდე გააკეთა, რაც 2023 წლის ბოლოს უნდა დაიწყოს (საფრანგეთის კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შემდგომ).
რეაბილიტაციამდე კი იგეგმება სხვენისა და შატოს სხვა ნაწილების დაცლა და შენობის გაწმენდა აზბესტისაგან, ხოლო მამულის გუშაგის სახლში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს და 2023 წლის პირველ ნახევარში დასრულდება. ამის პარალელურად მიმდინარეობს მამულის დაზიანებული გალავნის რეაბილიტაციაც.
რაც შეეხება შატოს მედიათეკა-ბიბლიოთეკა-აკადემიას, სამინისტროს ცნობით, ამ დროისათვის სარეაბილიტაციო სამუშაოების განმახორციელებელი კომპანიის შესარჩევად, საფრანგეთის კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად, საპროექტო განაცხადის დაზუსტება მიმდინარეობს.
როგორც კულტურის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, მოწესრიგებულია მამულის პარკიც, სადაც სამუშაოები 30 წლის განმავლობაში არ ჩატარებულა. სამუშაოების ღირებულებამ 12.000 ევრო შეადგინა.
ლევილის მამული საქართველოს საკუთრებად ოფიციალურად 2016 წლის სექტემბერში იქნა აღიარებული. ქონების გადმოცემაზე მოლაპარაკებები საფრანგეთის მთავრობასთან 1991 წლიდან მიმდინარეობდა. მამულის პროექტირება და განახლება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობით 2017 წლიდან მიმდინარეობს.