ამბავი ყვარლის ციხისა და ომში ლომსავით გარჯილი ქიზიყელებისა

იმ ღამით პაპა ბებურიშვილმა და მისმა ორასზე მეტმა თავშეწირულმა ქართველმა ალაზანი გადალახა და ყვარლის ციხისკენ ფრთხილად დაიძრა. ის იყო, გალავანს მიუახლოვდნენ, რომ მოალყეთა გუშაგმა შენიშნა და „ქართველები მოდიანო“, იბღავლა...
Sputnik
1754 წელს ხუნძახის ბატონმა ნურსალ-ბეგმა ქართლ-კახეთის დაპყრობა განიზრახა, მაგრამ მჭადიჯვართან გამართულ ბრძოლაში სასტიკად დამარცხდა და იძულებული გახდა დაღესტანში ხელმოცარული დაბრუნებულიყო.

შურისძიების წყურვილი არ ასვენებდა ხუნძახის ნუცალს. მომდევნო წელს მთელი დაღესტანი ხომ დააყენა ფეხზე ქართლ-კახეთის საბოლოოდ მოსათხრელ-ამოსაგდებად, ამასაც არ დასჯერდა, ჭარ-ბელაქნელ ლეკებსაც უხმო, შაქისა და განჯის ხანის მეომრებსაც, კაკის სულთნის რაზმებსაც და სხვასაც მრავალთ. სულ ორიოდ თვეში 20 ათას მეომარს მოუყარა თავი (ზოგი წყაროს მიხედვით, 30 ათასს) ხუნძახის ბატონმა.

როგორც მემატიანე წერს:

„კახეთში ხმა გავარდნილა, მთელი დაღესტანი ყვარელზედ მოდისო... რაც პირიქითა და პირაქეთა ლეკი იყო, ყველას ჯარი გამოართო“.

„ჯარგამორთმეულ“ მეკავშირეებს კი დიდ სიმდიდრესა და წყალობას აღუთქვამდა ნურსალ-ბეგი – სულ მე გამომყევით, ქართლსა და კახეთს დავიჭერ და იმდენ ტყვესა და საქონელს გაშოვნინებთ, რომ შვილით შვილამდე გეყოთო.
მტრის სამხედრო სამზადისი შეუმჩნეველი არ დარჩენიათ ერეკლეს კარზე და, რაღა თქმა უნდა, თავადაც მზადება დაიწყეს. ქართლ-კახელები, რომლებსაც იმერლებიც შეუერთდნენ, დაქირავებული ჩერქეზების დახმარებას მოელოდნენ, მაგრამ მტრის სიმრავლით დამფრთხალმა ჩერქეზებმა უარი თქვეს ბრძოლაში ჩაბმაზე...

და 1755 წლის ივლისში ნურსალ-ბეგისა და მის მოკავშირეთა ლაშქარი ყვარლის ციხეს შემოეწყო გარს; ციხეს, რომლის დაცვასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან მისი აღების შემთხვევაში ალაზნის გადაღმა მიწები ლეკებს დარჩებოდათ და ეს მხარე ჭარ-ბელაქანის ბედს გაიზიარებდა, ანუ საქართველოსთვის დაიკარგებოდა.
უფრო მეტიც, ნურსალ-ბეგი ამას არ დასჯერდებოდა და ლეკები კალიებივით შეესეოდნენ მთელ კახეთს. იქიდან კი ქართლამდე თუ იმერეთამდე, როგორც იტყვიან, ერთი ხელის გაწვდენაღა იყო.

ამიტომაც მოთარეშე ლეკთა დასახვედრად საფუძვლიანად მოემზადნენ მამა-შვილი — თეიმურაზ მეორე და ერეკლე მეორე. ციხის დაცვა, რომელშიც გავაზის, ენისელისა და ალაზნის მარცხენა ნაპირის სოფლების მოსახლეობის დიდი ნაწილი იყო შეხიზნული, დავით ვაჩნაძის, მელქისედეკ და ბეზასპ ჭავჭავაძეების რაზმელებს მიენდო.

ნურსალ-ბეგს პირველი იერიში გაუცუდდა, ციხეს ვერა დააკლო რა და ალყა შემოარტყა მას. მემატიანე წერს: „შემოსაზღვრეს ყვარელის ციხე ლეკთა, იყო ომი დღე და ღამ“.
დრო გადიოდა, ხუნძახის ბატონის ყველა მცდელობა, აეღო ყვარლის ციხე, უშედეგოდ სრულდებოდა, მაგრამ ციხის დამცველებსაც თანდათან ელეოდათ ტყვია-წამალი და სურსათ-სანოვაგე. მიხვდა ლეკთა ბელადი, რომ დრო მის სასარგებლოდ მუშაობდა და ტაქტიკა შეცვალა: ალყაც გააძლიერა და პარალელურად მარბიელი რაზმები შეუსია ქართლისა და კახეთის სოფლებს.
მომხდურებმა ძარცვა-გლეჯით ლამის გორამდეც კი მიაღწიეს. ქართველებმა, ერეკლეს დიდი ძალისხმევით, იმდენი კი მოახერხეს, რომ ლეკთა მცირე ჯგუფები მოსპეს, მაგრამ თავად ნურსალ-ბეგის მრავალრიცხოვან ლაშქარზე პირდაპირი იერიშის მიტანას კი ვერ ბედავდნენ.

ასე გავიდა ალყის 20 დღე. ციხის დამცველებს ძალიან გაუჭირდათ, ტყვია-წამალი და პურ-ღვინოც შემოაკლდათ და წყალიც გადაუკეტეს ლეკებმა ციხეში მყოფთ. მაშინ მეციხოვნე დავით ლარაძის გმირობამ იხსნა ყვარლელები წყურვილით სიკდილისგან. მეციხოვნემ ღამით უჩუმრად დატოვა ციხე, წყაროს სათავესთან დარაჯად მდგარი გადამთიელი მეომრები ამოხოცა და წყალი ისევ ციხისკენ მიუშვა.
თუმცა ამან ვერ უშველა ციხის დამცველთა დიდ გასაჭირს. ადგნენ და კახთ ბატონ ერეკლეს შეუთვალეს, მეტის გაძლება აღარ შეგვიძლია, თუ არ მოგვეშველებით, ციხეს ვერ შევინარჩუნებთო.

და ციხის გადასარჩენად მეფემ ახალი გეგმა დასახა: რჩეულ მეომრებს ღამით ალყა უნდა გაერღვიათ და ციხე-სიმაგრეში ტყვია-წამალი და სანოვაგე შეეტანათ, პარალელურად კი იერიში უნდა მიეტანათ ჭარ-ბელაქანზე და იქაურ ლეკთა სოფლები აეოხრებინათ. მეფის გათვლით, ამას ნურსალ-ბეგის ლაშქარში მყოფი ჭარ-ბელაქნელების უკმაყოფილება უნდა გამოეწვია და არეულობა შეეტანა მტრის ბანაკში.

ქართლის მეფე თეიმურაზი თელავს დადგა ქართლელთა და ფშავ-ხევსურთა ჯარით. პატარა კახმა კი სიღნაღში ბოდბის მონასტერთან იხმო კახელები, ძირითადად, ქიზიყელები, და წმინდა ნინოს საფლავზე ფიცი დაადებინა, რომ თავს გასწირავდნენ „ჯერ ღვთის სიყვარულისთვის და სარწმუნოებისთვის, მერე თავის მეფეთა და ჩვენის ქვეყნის ერთგულებისათვის“.
მერმე 207 საუკეთესო მეომარი შეარჩია, გამოცდილი მეომარი პაპა ბებურიშვილი-ვაჩნაძე უთავა და ყვარლის ციხეში შეღწევა დაავალა. დანარჩენი ლაშქარი ჭარ-ბელაქნის ლეკთა სოფლების სარბევად მიუშვა.

იმ ღამით პაპა ბებურიშვილმა და მისმა ორასზე მეტმა თავშეწირულმა ქართველმა ალაზანი გადალახა და ყვარლის ციხისკენ ფრთხილად დაიძრა. ის იყო, გალავანს მიუახლოვდნენ, რომ მოალყეთა გუშაგმა შენიშნა და „ქართველები მოდიანო“, იბღავლა.

ღამის მებრძოლებს ჯერ ისევ მძინარე, დაბნეული ლეკები გადაუდგნენ წინ, მაგრამ ქართველებმა ხმალდახმალ განაგრძეს გზის გაკაფვა. თავიდან თოფ-დამბაჩას არც იყენებდნენ, რათა დანარჩენი მოალყენი არ დაეღვიძებინათ, მერე კი, რომ გაჭირდა, ხმალს დამბაჩებიც მიაშველეს და გარს მომდგარ მტერს ზღვა სისხლი დაადინეს, მრავლად ჩეხეს და კაფეს მამულის შესარყვნელად მოსული გადამთიელები, რომლებიც თავისიანების მოკვდინების შიშით თოფის სროლას ერიდებოდნენ.
ამასობაში მაშველი ციხიდანაც შენიშნეს და ფრთაშესხმულმა მეციხოვნეებმა შემორჩენილი ტყვია-წამალი ცეცხლის წვიმად დაუშვეს მტერს.
ხოლო როცა პაპა ბებურიშვილი თავისი ქიზიყელებით მტრის ბოლო სანგრებს მიადგა, მძიმედ შეიხსნა ციხის ჭიშკარი, მეციხოვნენი გარეთ გამოცვივდნენ და სულაც ღვთის რისხვად დაატყდნენ თავს მოალყეებს...
ამასობაში მტრის ლაშქრის ყველა მებრძოლმა გაიგო ქართველთა თავდასხმის ამბავი, მაგრამ გვიანი იყო – ბებურიშვილის რაზმს უკვე გაევლო სასიკვდილო დერეფანი და ტვირთიანად შესულიყო ციხეში.

„გულოვანობის ძალითა და სიმხნისა და ვაჟკაცობისა მინდობნი მივიდნენ ქართველნი ციხესა ყვარელისასა!“

გამართლდა ერეკლე მეფის გეგმის მეორე ნაწილიც: ჭარ-ბელაქნის ლეკთა სოფლების აოხრებამ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია ნურსალ-ბეგის ბანაკში – ჩვენ აქ ერთ ციხეზე ვიღლებით და ჩვენს სახლებს კახთ ბატონი აოხრებსო.
უკმაყოფილება დაპირისპირებაში გადაიზარდა. ჯერ იყო და ჭარელი და ხუნძახელი ლეკები დაერივნენ ერთმანეთს იარაღით და ჭარელებმა ყვარელი დატოვეს — საკუთარ სახლებს მიაშურეს; მერე კი შაქისა და განჯის ხანებმაც უგანეს ნუცალს, ვინაიდან ისინიც დაშინდნენ, ვაითუ ერეკლემ ჩვენი დაუცველი სახანოებიც დაარბიოსო.
თეიმურაზმაც ისარგებლა ლეკთა დასუსტებით და ძირითადი ლაშქრით თელავიდან ყვარლისკენ დაიძრა. ნურსალ-ბეგმა, რომლის ჯარიც უკვე ახლოსაც ვერ ეკარებოდა ციხეს, ალყა მოხსნა და სანამ თეიმურაზი ყვარლის მისადგომებთან გამოჩნდებოდა, „ოცდა მესამეს დღეს გაქცეულნი, გაწბილებულნი, პირშავნი, უკეთურნი წავიდნენ“.