მსოფლიო დღეს

ბოლომ ვერ გაჭრა: საფრანგეთში ექვსი გვარით მოსარგებლე ქართველი დააკავეს

Sputnik
თბილისი, 4 იანვარი — Sputnik. საფრანგეთის პოლიციამ დორდონის პროვინციაში დააკავა ქართველი მამაკაცი, რომელიც ექვსი სხვადასხვა გვარით სარგებლობდა, იუწყება გამოცემა Francebleu.
როგორც გამოცემა წერს, ქალაქ პერიგეს მოსახლეობამ 29 დეკემბერს თავით ფეხამდე შავებში ჩაცმული და თავზე კაპიუშონწაფარებული ორი უცნობი შენიშნა, რომლებიც ლუი ბლანის ქუჩაზე საეჭვოდ დადიოდნენ აქეთ-იქით. როდესაც პოლიცია ადგილზე გამოცხადდა საეჭვო პირების ვინაობის დასადგენად, ისინი გაქცევას შეეცადნენ.
ერთ-ერთი მათგანი სახლის სახურავებზე ახტა და ასე ცდილობდა პოლიციისგან თავის დაღწევას, მაგრამ სამართალდამცველებმა დაიჭირეს და განყოფილებაში წაიყვანეს. როდესაც მისი თითების ანაბეჭდები ბაზაში შეიყვანეს, აღმოჩნდა, რომ პოლიცია უკვე იცნობდა მამაკაცს... ექვსი სხვადასხვა გვარით. დაკავებული მათ შორის დედის, მამისა და მეუღლის გვარებს იყენებდა.
Francebleu-ს ცნობით, ქართველ მამაკაცს აქამდე უკვე ორჯერ ჰქონდა აკრძალული საფრანგეთის ტერიტორიაზე შესვლა, ორჯერვე ქურდობის გამო და ორჯერვე სხვადასხვა გვარით.
ბოლო დაკავებისას პოლიციას ის დედის გვარით გაეცნო, მაგრამ ხერხმა ამჯერად „არ იმუშავა“ და მამაკაცი ქალაქ ანდაის საგამოძიებო იზოლატორში გადაიყვანეს.
სამართალდამცველების ინფორმაციით, მათ ასევე დააკავეს ექვსგვარიან ქართველთან ერთად მყოფი მეორე პირიც, თუმცა საქმის აღძვრის გარეშე გაათავისუფლეს.
წყარო: Francebleu