რუსეთის პატრიარქმა ილია მეორეს დაბადების დღე მიულოცა

რუსეთის პატრიარქმა ილია მეორეს უსურვა ღვთის დიდებული წყალობა, მშვიდობა, სიხარული და ძლიერება მრავალი წლის განმავლობაში.
Sputnik
თბილისი, 4 იანვარი — Sputnik. რუსეთის პატრიარქი კირილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს 90 წლის იუბილეს ულოცავს. მილოცვის ტექსტი მოსკოვის საპატრიარქოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის საჭეთმპყრობელს 4 იანვარს 90 წელი შეუსრულდა.

„მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს. თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, გულითადად გილოცავთ ღირსშესანიშნავ თარიღს – 90 წლის იუბილეს. მხურვალე ლოცვით ამ დღეს თქვენი უწმინდესობისა და უნეტარესობისთვის, გისურვებთ ღვთის დიდებულ წყალობას, მშვიდობას, სიხარულს და ძლიერებას მრავალი წლის განმავლობაში“, – ნათქვამია რუსეთის პატრიარქის წერილში.

აქვე აღნიშნულია, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მრავალი წლის განმავლობაში ბრძნულად მართავს საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას და თავის მდიდარ გამოცდილებას უხვად უზიარებს ყველას, ვინც პატრიარქთან მიდის, რაც ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ძვირფასი მონაპოვარია.
როგორც მილოცვის ტექსტშია ნათქვამი, საქართველოს პატრიარქი საღვთო სამსახურს მძიმე დროს შეუდგა, როდესაც ეკლესია ხშირად დევნის საგანი ხდებოდა.

„სასულიერო განათლების წმინდა სერგის დიდ კელიაში მიღების შემდეგ თქვენ შეუდექით გულმოდგინე შრომას იბერიის ეკლესიის სასარგებლოდ, რითაც გაამრავლეთ ღვთით ბოძებული ნიჭი. დაინახეს რა თქვენი ღვთისმოსაობა მეუფეებმა, აგირჩიეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად“, – ნათქვამია რუსეთის პატრიარქის მისალოც წერილში.

კათოლიკოს-პატრიარქს დღეს დაბადების დღე მიულოცეს ქვეყნის პირველმა პირებმა, აგრეთვე რომის პაპმა ფრანცისკემ, იერუსალიმის პატრიარქმა თეოფილოს მესამემ.