თბილისი, 4 იანვარი — Sputnik. ნებისმიერი მცდელობა, გამოირიცხოს რუსეთი ახლო აღმოსავლეთში კრიზისების მოგვარების პროცესიდან, ჩავარდნისთვისაა განწირული, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურმა წარმომადგენელმა ახლო აღმოსავლეთის საკითხებში ვლადიმირ საფრონკოვმა.
„დარწმუნებული ვარ, რომ რეგიონიდან რუსეთის გაძევების, რეგიონალებთან მის ურთიერთობებზე გავლენის მოხდენის მცდელობა, პალესტინა-ისრაელის ან სხვა ახლოაღმოსავლური კრიზისების მოგვარების პროცესისგან გათიშვის ნებისმიერი მცდელობა — ეს პოლიტიკური ნონსენსია და წარუმატებლობისთვისაა განწირული“, — მიაჩნია საფრონკოვს.
მისი თქმით, აშშ-ის ხელისუფლება თავს არიდებს „კვარტეტის“ (ევროკავშირი, რუსეთი, აშშ და გაერო) მუშაობას ახლო აღმოსავლეთის საკითხთან დაკავშირებით, სურთ არაბეთი-ისრაელის დოსიეს სრული „პრივატიზება“, მაგრამ „ესოდენ რთული კონფლიქტური კვანძების მარტო გადაჭრა შეუძლებელი მისიების კატეგორიაში შედის".
როგორც რუსეთის საგარეო უწყების სპეცწარმომადგენელი ამბობს, „კვარტეტის“ საერთაშორისო ფორმატის საქმიანობა იმის გამო გაიყინა, რომ აშშ-ს არ სურს განაგრძოს თანამშრომლობა ამ ფორმატში, და რომ ამერიკული პოლიტიკა „კვარტეტის“ მიმართ ვაშინგტონის კურსის გაგრძელებაა, რომელიც სხვა არაერთი მრავალმხრივი ფორმატის დაშლისკენაა მიმართული.
ახლოაღმოსავლური კვარტეტი არის ჯგუფი, რომელიც ევროკავშირის, რუსეთის, აშშ-ისა და გაეროს მონაწილეობით შეიქმნა არაბეთი-ისრაელის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის ძალისხმევების გასაერთიანებლად.