როგორ იმუშავებენ იუსტიციის სახლები საახალწლო დღესასწაულებზე

იუსტიციის სახლები მოქალაქეებს 470-ზე მეტი სახის მომსახურებას სთავაზობენ.
Sputnik
თბილისი, 4 იანვარი – Sputnik. საქართველოს იუსტიციის სახლები უქმე დღეებში ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას, ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.
თბილისსა და რეგიონებში იუსტიციის სახლები მოქალაქეებს 470-ზე მეტი სახის მომსახურებას სთავაზობენ: მოქალაქეობა, ბინადრობის ნებართვა, უძრავი ქონების რეგისტრაცია, ბიზნესის გახსნა და ა.შ. აქვე შესაძლებელია პირადობის მოწმობისა და პასპორტის, დაბადებისა და გარდაცვალების მოწმობის და სხვა დოკუმენტების აღება.
ახალი წლის და შობის დღესასწაულებთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეები 1-2 იანვარს და 7 იანვარს ისვენებენ. მაგრამ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საჯარო მოხელეებისთვის უქმეები 3-დან 6 იანვრამდე გამოაცხადა. რაც შეეხება კერძო სექტორს, კომპანიები დასვენების დღეებს საკუთარი შეხედულებისამებრ აწესებენ. ამიტომ, სამინისტროს ინფორმაციით, ამ დღეებში მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი იქნება იუსტიციის სახლის ყველა სერვისი.
გამონაკლისს წარმოადგენს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სერვისები. კერძოდ, მომხმარებლებისთვის ის დოკუმენტები, რომლებიც მათ 3-6 იანვრის პერიოდში უნდა მიეღოთ, ხელმისაწვდომი გახდება 9 იანვრიდან.
გარდა ამისა, იუსტიციის სახლის ბრენდის ქვეშ არსებული 88 საზოგადოებრივი ცენტრი მუშაობას 3 იანვრიდან აგრძელებს. ცვლილებების ფარგლებში საზოგადოებრივ ცენტრებში, სადაც განახლდა ინფრასტრუქტურა, მოქალაქეებს შეუძლიათ მიიღონ იგივე სერვისები, რაც იუსტიციის სახლებში. რეგიონების მოსახლეობას, ისევე, როგორც იმ სოფლებისა და ქალაქების სტუმრებს, სადაც საზოგადოებრივი ცენტრები ფუნქციონირებს, უკვე აქვთ შესაძლებლობა მიიღონ თითქმის ორჯერ მეტი საჯარო მომსახურება.
2023 წლიდან იუსტიციის სახლის ფილიალების რაოდენობა საქართველოს მასშტაბით 117-ს შეადგენს, სერვისების რაოდენობა 470-ს აღემატება.