ამოქმედდა დადგენილება საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობის შესახებ

Sputnik
თბილისი, 4 იანვარი — Sputnik. მიმდინარე წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა საქართველოს პარლამენტის დადგენილება თავდაცვის ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ, რომელსაც 2022 წლის 15 დეკემბერს მოაწერა ხელი პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
დადგენილების პირველი პუნქტის თანახმად, ქართული არმიის შემადგენლობა უცვლელი დარჩება და არ აღემატება 37 000 სამხედრო მოსამსახურეს.
ამასთან, პირველი პუნქტით განსაზღვრული შეზღუდვა არ ვრცელდება საომარ მდგომარეობაზე, ასევე თავდაცვის ძალების სარეზერვო სამსახურში გასაწვევი პირების რაოდენობაზე და საქართველოს თავდაცვის სამინისტროში არსებულ დროებით შტატებზე.
საქართველოს თავდაცვის ძალების ოდენობა ყოველწლიურად განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის სპეციალური დადგენილებით, სახელმწიფო ბიუჯეტთან ერთად.
დღეს საქართველოში სამხედრო სამსახური ოთხ კატეგორიად იყოფა: სავალდებულო, საკონტრაქტო, საკადრო და სარეზერვო.