თბილისი, 4 იანვარი — Sputnik. საჩხერის რაიონის სოფელ ჭორვილაში საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერთა აქცია გეგმის მიხედვით არ წარიმართა — აქციის მონაწილეებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის მისამართით გამოთქმულმა შეურაცხყოფამ აღაშფოთა, შეხლა-შემოხლა მოხდა.
ექს-პრეზიდენტის მომხრეებს საპროტესტო აქციის გამართვა ივანიშვილის სახლთან სურდათ, მაგრამ სოფლის შესასვლელში ადგილობრივები დაუხვდნენ. გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს და ისმის, თუ როგორ შეურაცხყოფენ ერთმანეთს დაპირისპირებული მხარეები, ხოლო ადგილზე მობილიზებული პოლიცია მათ დამშვიდებას ცდილობს.
მოგვიანებით ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი მშვიდობიანი საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავდნენ, ხოლო „ქართულმა ოცნებამ“ პროვოკაცია მოაწყო.
აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა ივანიშვილისადმი — პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაა სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაყვანის თაობაზე. აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ უკრაინის დროშა და პლაკატები წარწერით „თავისუფლება მიშას“.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ივანიშვილმა პოლიტიკა 2021 წლის იანვარში დატოვა და ქვეყნის მართვის პროცესში არ ერევა. თუმცა ოპოზიცია საპირისპიროს ამტკიცებს და აცხადებს, რომ ივანიშვილი კულისებიდან მოქმედებს.
რაც შეეხება სააკაშვილს, მისი ადვოკატები, ოჯახი, თანამოაზრეები და მხარდამჭერები უკვე დიდი ხანია ამბობენ, რომ ის სიკვდილის პირსაა და საზღვარგარეთ მკურნალობა ესაჭიროება. ამის დასამტკიცებლად მათ საქმეში ამერიკელი ექსპერტები ჩართეს, რომელთაგან ორი — ტოქსიკოლოგი დევიდ სმიტი და სასამართლო ექსპერტი ფსიქიატრიის დარგში დევიდ გოლდსმიტი უკვე დაიკითხნენ სასამართლოში.