ნინო მამულაშვილი
ალბათ ამიტომაც ავღნიშნავთ ორ-ორჯერ ბევრ დღესასწაულს: ძველი და ახალი სტილით და ტრადიციად ყველაზე უჩვეულო წესს ვამკვიდრებთ.
აქვე შეგახსენებთ, რომ ადრე ახალი წელს საქართველოში მარტში აღნიშნავდნენ. საახალწლო ტრადიციები საკმაოდ დიდი ხნის წინ დამკვიდრდა და მას შემდეგ მუდმივად ვითარდება. ახალი წელი ჩვენთან სხვადასხვა ეპოქაში წელიწადის განსხვავებულ დროს აღინიშნებოდა. ძველი ცნობების თანახმად, მეოთხე საუკუნეში ახალ წელს ქართველები 6 აგვისტოს ზეიმობდნენ. მეშვიდე საუკუნიდან კი სექტემბერში აღნიშნავდნენ.
ახალი წლის ათვლა გაზაფხულის პირველი თვიდან – მარტიდან, ჩვენში მეცხრე საუკუნის 20-იანი წლებიდან იწყება. ახალი წლის იანვარში აღნიშვნა საქართველოში მეათე საუკუნიდან ხდება. თუმცა, საბოლოოდ, ეს ტრადიცია XIV საუკუნეში დამკვიდრდა. ბევრ საახალწლო წეს-ჩვეულებას და რიტუალს ჩვენში სწორედ ამ პერიოდში ჩაეყარა საფუძველი, დროთა განმავლობაში კი შეიცვალა და დაიხვეწა.
ახალ წელს საქართველოში ხშირად „ბასილის დღეს“ უწოდებდნენ, რადგან პირველ იანვარს მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა ბასილი დიდს იხსენიებს. საახალწლოდ ადამიანის ფორმის პური ე.წ. „ბასილას კვერები“ცხვებოდა.
ახლა გვინდა ყველაზე უჩვეულო საახალწლო ტრადიციები გავიხსენოთ. იცოდით, რომ გურიაში მარნის წინ გოგოსა და ბიჭის „ბრძოლა“ იმართებოდა? გურიაში ახალი წლის, ანუ კალანდას წინადღით მოჰქონდათ „ცხემლის“ (რცხილის) შეშა, რომელსაც თხილის ჯოხებსაც მოაყოლებდნენ ჩიჩილაკისთვის. შემდეგ მას ჯვრიან დასადგმელს უკეთებდნენ, წვერში ჯვარედინად თხილის ჯოხებს ჩაურჭობდნენ და სუროს ტოტებით, ვაშლებით, საჩიჩილაკე ხაჭაპურებით, ტკბილეულითა და ვერცხლის ფულებით რთავდნენ.
საახალწლოდ ასეთ რიტუალს იცავდნენ: გიდელში ჩაწყობილ ოთხ ხაჭაპურს გოგონას ატანდნენ მარანში. იქიდან გოგონას ღვინით სავსე დოქით ხელში ვაჟი გამოეგებებოდა. მათ შორის მოჩვენებითი ბრძოლა გაიმართებოდა დოქისა თუ ხაჭაპურის წასართმევად და მარანში შესატანად. თუ ბიჭი იმარჯვბდა, მაშინ ღვინო და ხაჭაპური უხვად იქნებოდა მათ ოჯახში, ხოლო თუ გოგონა იყოჩაღებდა, აბრეშუმი არ მოაკლდებოდათ.
იმერეთში ახალ წელს შინაურ ცხოველებს ულოცავდნენ. ოჯახის უფროსი 12 საათისთვის სახლში სპეციალურად მომზადებული ხონჩით შემოდიოდა. ხონჩაზე აუცილებლად ედო: ჩურჩხელა, გოზინაყი, ხაჭაპური, ტკბილეული და რაც მთავარია, მარცვლეული, რომელიც ბარაქის მომტანად ითვლება.
ამ კუთხეში განსაკუთრებული ტრადიციაა ახალი წლის „მილოცვა“ შინაური ცხოველებისა და ფრინველებისათვის, რადგან პირველ რიგში, მათზეა დამოკიდებული ოჯახის კეთილდღეობა. ამ ტრადიციას იმერეთში დღესაც აგრძელებენ და ჯერ თავის რქოსან და ფრთოსან არსებებს „ულოცავენ“.
რაც შეეხება ახალი წლის სუფრას, მასზე აუცილებლად უნდა იყოს: გოგრა, გოჭი, ხაჭაპური, საცივი. საახალწლო სამზადისს დიდი ხნით ადრე იწყება. აკეთებენ სხვადასხვა სახეობის გოზინაყს, გოგრის მარცვლებით, მზესუმზირითა და ნიგვზით. ახალი წლის დილას ოჯახის უფროსი მამაკაცი ოჯახის წევრებს ჩამოუვლიდა და მათ თაფლს შეაჭმევდა. მერე ფულს მოჰკიდებდნენ ხელს „ფულის ბარაქა გვექნებაო“. ახალი წლის დილას კი, შქერის ფოთლით პირს დაიბანდნენ — „ლამაზი სახე გვექნებაო“.
სვანეთში ახალ წელს ოჯახის უფროსი კაცი, ერთი ქალი და ერთი კაცი სისხამ დილაზე ჩუმად დგებოდნენ, სანოვაგით სავსე გიდელს წაიღებდნენ, ყველაზე გამორჩეულ ხარს წაიყვანდნენ და წყალს დაალევინებდნენ. უკან დაბრუნებისას თან წყალი მოჰქონდათ. კალოზე თოვლის ზვინს ააკოკოლავებდნენ, შუაში კი ნაძვის ხეს დაადგამდნენ. სახლში შესვლის წინ კაცი იძახდა: „კარი გამიღეთ, ღვთისა და ხელმწიფის წყალობა მომაქვს!“ შევიდოდა სახლში, სამჯერ შემოუვლიდა კერას, აიღებდა ბედის პურს, რომელზეც ელაგა: თაფლი, ხორცი, ყველი, ფული და ყველას მიულოცავდა ახალ წელს.
დღეს ქართული ტრადიციებიდან ერთს მაინც ძირითადად ყველა ოჯახში იცავენ — 31 დეკემბერს ყველა თაობის წარმომადგენელი თავს ვალდებულად თვლის, რომ ახალი წლის ღამეს სახლში შეხვდეს, თანამედროვე დროში შექმნილი რიტუალები ინდივიდუალურად, სურვილის მიხედვით სრულდება.