თბილისი, 2 იანვარი — Sputnik. საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმება და ქვეყნებს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენა რუსეთის ფედერაციის, მისი საქართველოში გავლენის ინტერესებშია და არა საქართველოს ინტერესებში, მიიჩნევს პოლიტოლოგი არჩილ სიხარულიძე.
პოლიტოლოგის შეფასებით, საქართველო-რუსეთის ურთიერთობამ აპოგეას მიაღწია დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის ფონზე, ამიტომ მეტი განვითარება მოსალოდნელი არ არის.
„ჩვენ უკვე მივაღწიეთ მაქსიმუმს... რუსეთის პოლიტიკური ელიტა არ არის მზად იმ თემებზე სასაუბროდ, რაც ჩვენ გვაწუხებს. რუსეთი არ არის დაინტერესებული „სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის საკითხით, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს საკითხები მოგვარებულია“, — განაცხადა სიხარულიძემ.
არჩილ სიხარულიძე. არქივის ფოტო
© photo: Sputnik / Stringer
უფრო მეტიც, პოლიტოლოგის თქმით, რუსეთის პოლიტიკური ელიტა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველო დაკარგა, და სწორედ ამიტომ „არ იკლავენ თავს საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენისა და სავიზო რეჟიმის გაუქმებისთვის, რაც მათთვის უკეთესი იქნებოდა“.
რაც შეხება ეკონომიკას, სიხარულიძის აზრით, საქართველოსა და რუსეთს ყველაზე დიდი ეკონომიკური გაცვლა აქვთ — ტურისტების რაოდენობა და სავაჭრო ბრუნვა საკმაოდ მასშტაბურია.
„ერთადერთი, რისი გაკეთებაც ნამდვილად შეგვიძლია, არის მეცნიერული კავშირების აღდგენა რაღაც მეტ-ნაკლებად კულტურულ დონეზე, რათა ქართველ მეცნიერებს რუსეთში წასვლა, სხვადასხვა სამეცნიერო კონფერენციები ჩატარება შეეძლოთ, რაც, სამწუხაროდ, შეწყვეტილია. მაგრამ ეს ყველაფერი დაფინანსებასა და ასევე იმას უკავშირდება, რომ რუსეთის ვიზის აღება ძალიან რთულია“, — განაცხადა პოლიტოლოგმა.
მისი თქმით, ასეთ შემთხვევებში რუსულმა მხარემ ან უნდა გააუქმოს სამეცნიერო ვიზები, ან გააადვილოს მათი მიღება, „მაგრამ რუსეთს არც ეს აინტერესებს, რადგანაც აქვს პოზიცია, რომ საქართველო დაკარგა“.
„აი ასეთია რეალურად ბანალური ნაწყენი განწყობა, რომელიც ძალინ მძაფრად იგრძნობა. ამიტომ ჩემთვის არც ისე ნათელია, რის საფუძველზე შეიძლება ველოდოთ რაიმე გარღვევას“, — დასძინა მან.
ამასთან სიხარულიძეს მიაჩნია, რომ მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ შექმნილ ვითარებაში ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო: შეწყვიტა რუსეთის გაღიზიანება, შეწყვიტა აგრესიული ანტირუსული პოლიტიკის გატარება, არ იძლევა მისი ტერიტორიის გამოყენების უფლებას რუსეთის წინააღმდეგ.
„ამაზე მეტს „ქართული ოცნება“ ნამდვილად ვერაფერს გააკეთებს, რომელსაც სანაცვლოდ არაფერი მიუღია“, — აღნიშნა ექსპერტმა.
რუსეთის ინტერესები
როგორც პოლიტიკის ექსპერტი რამაზ საყვარელიძე აღნიშნავს, დაბალანსებული და აგრესიულობის შეკავების პოლიტიკა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას ხელს არ უწყობს, გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთი პრაგმატულია და საქართველოს პოლიტიკას მისთვის მნიშვნელობა არ აქვს.
„საქართველო პატარა ქვეყანაა და ვერ სთავაზობს რუსეთს რაიმე მისთვის საინტერესოს. ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ძალიან სერიოზულად მოეკიდოს საქართველოსთან ურთიერთობების გაუმჯობესებას... ამ კონფლიქტების შედეგად საქართველო რუსეთზეა დამოკიდებული. იგივე ვითარება გაგრძელდება ახლაც. ამიტომ არ ღირს იმაზე აქცენტირება, რომ „ქართული ოცნება“ არ არის ძალიან აგრესიული რუსეთის მიმართ და ამიტომ ყველაფერი მშვიდად იქნება“, — განაცხადა საყვარელიძემ.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ თავშეკავებული პოლიტიკა ქვეყანას მეტ-ნაკლებად იცავს სცენარის არახელსაყრელი განვითარებისგან, თუმცა იმის თქმა, რომ ეს პროცესი რუსეთ-საქართველოს შორის ყოფილ ურთიერთობებს აღადგენენ, შეუძლებელია.
„რუსეთი არასდროს არაფერს თმობს რაიმე ინტერესის გარეშე. შესაბამისად, ამ ურთიერთობების გაუმჯობესება არარეალურია“, — მიიჩნევს საყვარელიძე.
რაც შეეხება ავიამიმოსვლას, ექსპერტის თქმით, დიპლომატიური ურთიერთობებისგან განსხვავებით, ქვეყნებს შორის პირდაპირი ფრენები შეიძლება განახლდეს, ვინაიდან ეს საკითხი კონკრეტული ადამიანების ცხოვრებას ეხება და არა სახელმწიფოების პოლიტიკას.
ამასთან საყვარელიძეს მიაჩნია, რომ ბევრი რამ ასევე იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რა აზრსა და პერსპექტივას ჩადებს რუსეთი ამ კონტაქტების აღდგენაში და რა პრეტენზიებს წამოაყენებს რუსეთი პირდაპირი ფრენების აღდგენისას.
იმედი არის
უფრო დამაიმედებელი პროგნოზები აქვს პოლიტოლოგი ვასო კაპანაძეს. ის დარწმუნებულია, რომ თუ რაიმე ზებუნებრივი არ მოხდება, უახლოეს მომავალში, შესაძლოა, 2023 წლის გაზაფხულამდეც კი, ვიზების გაუქმებასა და პირდაპირი ფრენების აღდგენას ველოდოთ.
ვასო კაპანაძე. არქივის ფოტო
© photo: Sputnik / Stringer
„რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები საკმაოდ რთული ურთიერთობებია. თუმცა წელს გარკვეული დადებითი მომენტები იქნება ამ ურთიერთობებში. ვგულისხმობ, რომ უახლოეს მომავალში ველოდებით პირდაპირი ფრენების აღდგენასა და საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას“, — განაცხადა კაპანაძემ.
რაც შეეხება საქართველო-რუსეთის ურთიერთობების მნიშვნელოვან გაუმჯობესებას, ექსპერტის თქმით, რა თქმა უნდა, ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, დაიწყება თუ არა პოლიტიკური დიალოგი პარლამენტარებისა და მთავრობების დონეზე მაინც იმ პირობებში, როდესაც ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილია.
„თავად დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხი, რა თქმა უნდა, ხვალინდელი დღის საქმე არ არის, რადგან, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო ვერ აკონტროლებს თავისი ტერიტორიის 20%-ს, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხი დღის წესრიგში არ დგას“, — დასძინა კაპანაძემ.
რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები ქართულმა მხარემ მას შემდეგ გაწყვიტა, რაც 2008 წლის 26 აგვისტოს მოსკოვმა აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ სუვერენიტეტი აღიარა.
ქვეყნებს შორის დიალოგი ნარჩუნდება ჟენევის დისკუსიებისა და ასევე იმ შეხვედრების ფარგლებში, რომლებიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელ გრიგორი კარასინს შორის იმართება პრაღაში 2012 წლიდან.