„სისულელე ჩავიდინე“: გურამ ბაღდოშვილი პიროტექნიკის აფეთქების შედეგად დაშავდა

ექიმები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ პიროტექნიკის გამოყენება საშიშია.
Sputnik
თბილისი, 2 იანვარი - Sputnik. ცნობილი ქართველი შეფმზარეული გურამ ბაღდოშვილი პიროტექნიკის გამოყენების შედეგად სერიოზულად დაშავდა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში თავად დაწერა.
ინციდენტის შემდეგ ის კლინიკაში გადაიყვანეს.
გურამ ბაღდოშვილი წერს, რომ არის მხნედ და ძლიერად, მოუწოდებს ხალხს არ იყიდონ „პიროთექნიკა, ფოერვერკები, მაშხალები“, რომლებიც, მისი თქმით, ძალიან ცუდი ხარისხისაა. მისივე თქმით, მასთან ერთად პალატაში კიდევ ორი ადამიანი წევს იგივე დაზიანებებით.
შეფმზარეული ნანობს, რომ გამოიყენა პიროტექნიკა და უერთდება ჰეშტეგს #არაპიროთექნიკას.

„ჩემს დანაშაულს ვაღიარებ, რომ სისულელე ჩავიდინე“, - დაწერა ბაღდოშვილმა.

ექიმები და სპეციალისტები მოსახლეობას კიდევ ერთხელ აფრთხილებენ, მკაცრად დაიცვან ინსტრუქცია და მოარიდონ პიროტექნიკა ბავშვებს.
„მნიშვნელოვანია სწორად გამოყენება ამ ყველაფრის და ბავშვების მორიდება. ამ ახალ წელს პიროტექნიკით დაზიანებული 7 ადამიანი გვყავდა, აქედან ერთმა თითიც კი დაკარგა, დანარჩენს მტევნის მძიმე დაზიანება ჰქონდა“, - განაცხადა ქირუქგმა მირიან ბოცვაძემ.
როგორც თბილისის დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განაცხადა, დეკემბერში პიროტექნიკით სხეულის დაზიანების 30 შემთხვევა დაფიქსირდა.
პეტარდები და სხვა პიროტექნიკა საქართველოში ახალი წლის ზეიმის აღნიშვნის განუყოფელი ნაწილია, მაგრამ მისი გამოყენება ხშირად იწვევს ტრავმებსა და დამწვრობას. ახალი წლის დღეებში მიმართვიანობა სამედიცინო დაწესებულებებში იზრდება.
რამდენიმე დღის წინ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ პიროტექნიკასთან დაკავშირებით გარკვეული გადაწყვეტილებები მომავალ წელს იქნება მიღებული. მან არ გამორიცხა, რომ საერთოდ აიკრძალოს პიროტექნიკის გამოყენება, რადგან ბევრი შემთხვევებია ტრავმის მიღების, განსაკუთრებით, ბავშვებში.
საქართველოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ, თავის მხრივ, არაერთხელ მოუწოდა მოსახლეობას სიფრთხილისკენ და ურჩია, არ გამოიყენოს პიროტექნიკა ხალხმრავალ ადგილებსა და დახურულ სივრცეებში.
საქართველოში პიროტექნიკის გაყიდვა არასრულწლოვნებისთვის 2019 წლიდან აიკრძალა.
წელს საქართველომ 712 ტონა ფეიერვერკი, „ბენგალური ცეცხლი“, რაკეტა და სხვა პიროტექნიკული ნაკეთობა შეისყიდა, რომელიც 5,5 მლნ დოლარი დაჯდა. ეს წლების განმავლობაში რეკორდული თანხაა.