თბილისი, 2 იანვარი — Sputnik. ახალი წლის პირველი იანვრიდან, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დეკრეტული შვებულების ფინანსური დახმარება გაორმაგდა და ათასი ლარის ნაცვლად 2 ათასი ლარი გახდა.
გაზრდილ დახმარებას მიიღებენ არა მარტო სახელმწიფო, არამედ კერძო სექტორში დასაქმებულებიც.
გარდა ამისა, ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში დეკრეტულ შვებულებებთან დაკავშირებით კიდევ ერთი ცვლილებაა შესული: სკოლის პედაგოგებს, ხელფასის მატების გარდა, სახელმწიფო ბავშვის გაჩენის შემდეგ შვებულების პერიოდში სრულ ხელფასს ჩაურიცხავს.
გავრცელებული ცნობით, მთავრობის მიერ გაზრდილ 2 000-ლარიან დახმარებას სულ 13 600 ადამიანი მიიღებს. ბიუჯეტიდან ამ მიზნით 30 მილიონი ლარია გამოყოფილი.