პატრიარქის კურთხევით, შობის მარხვა ორი დღით თევზით გახსნილდება

შობის მარხვა – წლის უკანასკნელი მრავალდღიანი მარხვაა, რომელიც ყოველწლიურად 28 ნოემბერს იწყება.
Sputnik
თბილისი, 1 იანვარი - Sputnik. საქართველოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის კურთხევით, შობის მარხვა ორი დღით გახსნილდება, ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს პრესსამსახური ავრცელებს.
„31 დეკემბრის ღამეს და 1-2 იანვარს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, მორწმუნეთ ნება ეძლევათ გაიხსნილონ თევზით“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ქრისტეშობის მარხვა 28 ნოემბერს დაიწყო და 7 იანვრამდე გასტანს.
ქრისტეშობის მარხვა 40 დღეს გრძელდება. ის დაწესებულია იმისთვის, რათა თითოეული ადამიანი სინანულით, ლოცვით და მარხვით განიწმინდოს და შობის დღესასწაულზე მოწიწებით მიეახლოს ძე ღვთისას.
შობის მარხვა დიდმარხვასთან შედარებით მსუბუქია - მას მორწმუნეები იცავენ ისე, როგორც მოციქულთა მარხვას. კერძოდ, მარხვა 25 დეკემბრამდე ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა თევზით ხსნილია.
მართლმადიდებელი ეკლესია შობის ბრწყინვალე დღესასწაულს 7 იანვარს აღნიშნავს.