თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. თიანეთსა და ყაზბეგში დიალიზის კაბინეტები გაიხსნა, ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ადგილობრივი მოსახლეობა დღეიდან სიცოცხლისთვის აუცილებელ სამედიცინო სერვისს ადგილზე მიიღებს. მანამდე ჰემოდიალიზზე დამოკიდებულ პირებს პროცედურის ჩასატარებლად კვირაში რამდენჯერმე უწევდათ თბილისში ჩასვლა.
თიანეთის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის სამედიცინო დაწესებულებამ პირველი პაციენტი უკვე მიიღო. თიანეთის კლინიკაში დიალიზის კლაბინეტის გახსნას ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი დაესწრო. მინისტრი სამედიცინო დაწესებულებაში არსებულ პირობებს და პერსონალის საჭიროებებს ადგილზე გაეცნო.
„ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი პრიორიტეტია ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნვა, მათთვის ხელმისაწვდომი და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდება. სწორედ ამიტომ წლის დასაწყისში გამოვაცხადეთ პაციენტებისთვის ლოკაციების შექმნა მათ საცხოვრებელ ადგილთან ახლოს, სადაც მიიღებენ დიალიზის მომსახურებას“, – განაცხადა აზარაშვილმა.
2022 წლის განმავლობაში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში დიალიზის ხუთი ცენტრი გაიხსნა. მესტიის, ამბროლაურისა და ლანჩხუთის შემდეგ, დიალიზის კაბინეტები ყაზბეგსა და თიანეთშიც ყოველდღიურ რეჟიმში იფუნქციონირებს.
მინისტრის თქმით, 2023 წელს დიალიზის სერვისზე ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო გაიზრდება.
ჯანდაცვის მინისტრი თიანეთის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ექიმებსაც შეხვდა. აზარაშვილმა მედიკოსებს რეგიონში სამედიცინო სერვისების მიწოდებისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და დამდეგი შობა–ახალი წელი მიულოცა.
როგორც აზარაშვილმა აღნიშნა, მიმდინარე წელს 50%-მდე მოცულობით გაიზარდა რეგიონული ჯანდაცვის ცენტრების სამედიცინო პერსონალის ხელფასები.
სამინისტრო რეგიონებში დიალიზის მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით მუშაობას აგრძელებს. 2023 წელს პროგრამის ბიუჯეტი 56 მილიონი ლარი იქნება.