როგორ შევარჩიოთ საახალწლოდ ცოცხალი ნაძვის ხე: მნიშვნელოვანი რჩევები

ეს სტატია მათთვისაა, ვისაც სურს, ახალ წელს ცოცხალი ნაძვისხით შეხვდეს.
Sputnik
Sputnik–საქართველო მოგითხრობთ, როგორ შეარჩიოთ საახალწლოდ ცოცხალი ნაძვის ხე, როგორ გაახაროთ ის ქოთანსა თუ გრუნტში და როგორ მოუაროთ მას სწორად.
მანამდე კი გეტყვით, რომ ევროპაში საშობაოდ გაყიდული ყველა ნაძვის ხის 90% წარმოშობით ქართულია, კერძოდ, რაჭული. დიახ, იმ 45 მილიონი ნაძვიდან, რომლებიც ყოველწლიურად ხვდება ევროპის ქვეყნების ბაზრებზე, 40 მილიონი ამბროლაურის სოფელ თლუღიდანაა. სწორედ ამ სოფლის ტყეში მოპოვებული კავკასიური სოჭის (იგივე ნორდმანის სოჭის — Abies nordmanniana) თესლიდან ზრდიან ევროპული სანერგეები საახალწლო ნაძვის ხეებს.
Abies nordmanniana
რატომ მაინცდამაინც რაჭული? იმიტომ, თურმე, რომ ეს სახეობა, საქართველოს სხვა ტყეებში გაზრდილიც კი, არც რაჭულივით სიმეტრიულია აღნაგობით და არც განსაკუთრებული ვერცხლისფერი შეფერილობა აქვს. სწორედ ამიტომ გახდა იგი ევროპელ მწარმოებელთა რჩეული.

როგორ შევარჩიოთ

თუ ბინაში ცხოვრობთ, ჯობს საახალწლოდ კომპაქტური ჯიშის ნაძვი ან სოჭი შეარჩიოთ. მაგალითად, კანადური ნაძვი — Picea Conica.
გარდა იმისა, რომ ამ ჯიშის ნაძვი საოცრად სიმეტრიული პირამიდული ფორმით გამოირჩევა, ძალიან ნელაც იზრდება — სულ 3-4 სანტიმეტრს იმატებს წელიწადში და მხოლოდ 20 წლისა აღწევს სიმაღლეში 1,5 მეტრს.
კანადური Picea conica
თუ გსურთ, რომ ქოთნის ნაძვის ხე წლების განმავლობაში გემსახუროთ, შეგიძლიათ ოთახის პირობებთან უფრო მარტივად ადაპტირებადი წიწვოვნები შეარჩიოთ: კვიპაროსი, ტუია, კრიპტომერია თუ არაუკარია. რომლებიც თქვენთვის ჩვეულ ნაძვის ხეს ჰგავს და ბევრად მარტივი მოსავლელიცაა.
ნებისმიერ შემთხვევაში, რომელი სახეობის ნაძვიც არ უნდა შეიძინოთ, პირველ რიგში აუცილებლად შეუმოწმეთ ფესვები. ფრთხილად ამოიღეთ კონტეინერიდან და დარწმუნდით, რომ ფესვები ცოცხალია და ტენიანი, ამასთან მთლიანად უნდა იკავებდეს კონტეინერის მიწის კომს.
გარდა ამისა ტოტები უნდა იყოს ელასტიკური, რათა ადვილად არ გადატყდეს, წიწვები არ უნდა სცვიოდეს, ხოლო თითებში გასრესილ წიწვს დამახასიათებელი სურნელი უნდა ჰქონდეს.

როგორ მოვუაროთ

როდესაც ნაძვს შეიძენთ და შინ მიიტანთ, არავითარ შემთხვევაში არ დადგათ პირდაპირ თბილ ოთახში. წიწვოვნები ძალიან მგრძნობიარენი არიან ტემპერატურის უცაბედი ცვლილების მიმართ. ამიტომ უმჯობესი იქნება, რამდენიმე დღე ავტოფარეხში ან შუშაბანდში დააყოვნოთ და ნელ-ნელა შეაჩვიოთ ოთახის ტემპერატურას.
მას შემდეგ, რაც ოთახში შეიტანთ, დადგით ნაძვი გამათბობელი მოწყობილობებისგან შორს და შეეცადეთ შეძლებისდაგვარად დაატენიანოთ ჰაერი.
გაითვალისწინეთ: ცოცხალი ნაძვის მორთვა მხოლოდ ძალიან მსუბუქი სათამაშოებითა და დაბალი სიმძლავრის ციმციმებით შეიძლება.
მორწყეთ ქოთანში ჩარგული ნაძვი ზომიერად — ისე, რომ ნიადაგი არ გამოუშრეს, და აუცილებლად დანამეთ პულვერიზატორით. ამისთვის ნალღობი ან ნადგამი (ოთახის ტემპერატურის) წყალი გამოიყენეთ.
დაიმახსოვრეთ: რაოდენ კარგი პირობებიც არ უნდა შეუქმნათ თქვენს საახალწლო ნაძვის ხეს, თუ სამ კვირაზე მეტხანს გააჩერებთ ოთახში, დაიღუპება. მას აუცილებლად სჭირდება ზამთრის სუსხიანი ჰაერი და მაქსიმალური განათება. ამიტომ დღესასწაულების დასრულების შემდეგ გარეთ გაიტანეთ — ოღონდ იმავე პრინციპით, როგორც შეიტანეთ: ჯერ 2-3 დღით ოდნავ დაბალ ტემპერატურაზე ამყოფეთ, მერე კი უკვე ღია ცის ქვეშ გადგით.
თუ გარეთ გატანის შემდეგ ნაძვის კვლავ ქოთანში დატოვებას გადაწყვეტთ, შეეცადეთ ცივ მიწაზე არ დადგათ — ჯობს შეფუთოთ. საქმე ისაა, რომ პლასტმასის კონტეინერში მოთავსებული ნაძვის ფესვები ძალიან მგრძნობიარეა ყინვების მიმართ.
საუკეთესო ვარიანტია, თუ ნაძვს გრუნტში გადაიტანთ. ამისთვის შეარჩიეთ შედარებით თბილი დღე — ნიადაგი რომ გაყინული არ იყოს, ამოთხარეთ კონტეინერის ზომის ორმო და ძალიან ფრთხილად, ისე რომ მიწის კომი არ დაგერღვეთ, ნაძვი მიწაში ჩარგეთ.
დაიმახსოვრეთ: არ მოაშოროთ ნაძვს ფესვებიდან ის გრუნტი, რომელიც მას უკვე ჰქონდა შეძენისას. საქმე ისაა, რომ ყველა წიწვოვანი მცენარე აღმოცენების დღიდან ივითარებს ფესვებზე ერთგვარ სოკოს, რომელიც მას ნიადაგიდან წყლისა და სხვა მიკროელემენტების მიღებაში ეხმარება.
თუ გადარგვისას მიწის კომს ჩამოაცილებთ, სანამ ახალ გრუნტში ახალ სოკოებს შექმნის, მანამდე ნაძვი ფაქტობრივად იშიმშილებს და შესაძლოა დაიღუპოს კიდეც.
გაითვალისწინეთ ეს რჩევები და გარწმუნებთ, ძვირადღირებული ხელოვნური ნაძვის ხეების შეძენა აღარ მოგიწევთ.