ნავალოვსკიმ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა

ნავალოვსკი საქართველოს ნაკრების ღირსებას 2008-2021 წლებში იცავდა.
Sputnik
თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრებისა და ბათუმის „დინამოს“ მცველმა გიორგი ნავალოვსკიმ კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა. ეს გადაწყვეტილება მან ეროვნულ ჩემპიონატში მორიგი სეზონის დასრულების შემდეგ მიიღო.
ნავალოვსკი საქართველოს ნაკრების ღირსებას 2008-2021 წლებში იცავდა. ძირითად შემადგენლობაში ის კახა ცხადაძის მწვრთნელობის დროს, 2015 წელს მოხვდა. რამდენიმე წლის განმავლობაში ის მარცხენა ფლანგზე დაცვაში უალტერნატივო მოთამაშე იყო. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში მან 41 მატჩი ჩაატარა.
ნავალოვსკიმ კარიერა თბილისის „დინამოში“ დაიწყო. შემდეგ გამოდიოდა თბილისის „ოლიმპში“, მახაჩყალის „ანჟიში“, ბაქოს „ინტერში“, ნიჟეგოროდის „ვოლგაში“, რუსთავის „მეტალურგში“, გორის „დილაში“ და სხვ.
გიორგი ნავალოვსკი
2019 წელს ნავალოვსკი ბათუმის „დინამოს“ შეუერთდა და გუნდის ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე იყო, მაგრამ კლუბში ირაკლი აზაროვის მისვლის შემდეგ ის რეზერვში გადაიყვანეს.
წელს მან ბათუმის ფორმით სულ 16 მატჩი ჩაატარა და ახლა საბოლოოდ გადაწყვიტა კარიერის დასრულება.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს